ახალი ამბები
კასპელი საჯარო მოხელე ,,უწინ'' და ,,ახლა''
დღეს ,,უცნობის'' მიერ გამართულ აქციაზე კასპიდან პაატა ჩხარტიშვილიც გაემგზავრა, რომელმაც 2012 წელს ადგილობრივ ოპოზიციურ ლიდერს, კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან', ხათუნა თათანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩვენს არქივში მოიძებნება კადრები იმის შესახებ, თუ როგორ ჰკრა ხათუნა თათანაშვილს ხელი და არ შეუშვა შეხვედრაზე. დახურულ შეხვედრას კი, კასპში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ხელმღვანელობდა.

პაატა ჩხარტიშვილი წყალკანალის სამსახურში მუშაობდა. ის კანონიერი ქურდის, პრინცის ძმაა და მაშინვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე, ხელისუფლება შავი სამყაროს წევრების დახმარებას ცდილობდა.



9 წლის შემდეგ კი, პაატა ჩხარტიშვილი პოლიტიკურ შეკრებებზე ისევ გამოჩნდა. ამჯერად, ,,ქართული ოცნების'' ხელისუფლების მხარდასაჭერად. ის მეგობრებთან ერთად, თბილისში მიდიოდა, როდესაც ტელეკომპანია ,,მთავარის'' გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო. ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ყველა ,,კაი ბიჭი'' თბილისში მიდის აქციაზე.

დღევანდელი ფაქტიდან გამომდინარე, ,,ქართული ოცნების'' მიერ შავი სამყაროს წევრების დახმარებაზე უკვე ნაციონალური მოძრაობა საუბრობს. ,,ნაციონალური მოძრაობის'' კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნუგზარ ნონიაშვილი ამ ტენდეციებს ამჩნევს. 2012 წელს ნუგზარ ნონიაშვილი რაიონის გამგეობის ხელმძღვანელი იყო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი ლიდერის, ვანო მერაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში მას პაატა ჩხარტიშვილი ეხმარებოდა.

შეგახსენებთ, თბილისში, მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) გამართა აქცია, რომელიც დღევანდელი ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგოდ გაიმართა.

 

Print