ახალი ამბები
დააჯარიმეს მოქალაქე, რომლის სათვალთვალო კამერა მეზობლის ეზოსაც აკონტროლებდა
ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისთვის ფიზიკურ პირი დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოქალაქემ საჩივრით მიმართა. საჩივარში მითითებულია, რომ მეზობელს, საცხოვრებელი შენობის გარე ფასადზე, საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დამონტაჟებული ჰქონდა ვიდეოსათვალთვალო კამერები, რომელთა ხედვის არეალში სხვა მესაკუთრეთა საცხოვრებელი სახლების შესასვლელები და საერთო სარგებლობის შიდა ეზოც ექცეოდა.

,,საყურადღებოა, რომ ფიზიკური პირი ვიდეოთვალთვალს სხვა მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე ახორციელებდა. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საცხოვრებელი შენობის ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას, როცა კამერ(ებ)ის ხედვის არეალი სხვა პირთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების სივრცესაც ფარავს, საჭიროა მათი (მესაკუთრეთა) წერილობითი თანხმობის მოპოვება. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ფიზიკური პირი სხვა პირთა საცხოვრებელი სახლების შესასვლელებისა და საერთო სარგებლობის შიდა ეზოს ვიდეომონიტორინგს მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობების გარეშე ახორციელებდა, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი შენობის ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისთვის მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით დადგენილი წესით დაეკისრა.'' - აღნიშნავენ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში.

ვიდეოკამერის მფლობელს სხვა მესაკუთრეების სივრცეების ვიდეოთვალთვალის შეწყვეტა ან ვიდეოთვალთვალის განსახორციელებლად სხვა მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობის მოპოვება დაავალეს.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება განმარტავს, რომ პირის უფლება, გარეშე პირთა დაკვირვების გარეშე, ისარგებლოს საკუთარი საცხოვრებელი სივრცით ისე, რომ არ მოხდეს საკუთარ საცხოვრებელ შენობაში ან/და ეზოში მისი გადაადგილების/ქცევის მონიტორინგი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, ფიზიკურმა პირმა მისი საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვა უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ სხვა საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებმა შეძლონ საკუთარი საცხოვრებელი სივრცით თავისუფლად სარგებლობა.
Print