ახალი ამბები
ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები აქციების გამართვას გეგმავენ
ცხინვალის იზოლატორში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 28 აპრილს გაავრცელა.

პრეზიდენტსა და გახელაძის ოჯახის წევრებს შორის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგა.

"პრეზიდენტის პასუხიც ისევ ისეთი იყო, როგორც ამ ცხრა თვის განმავლობაში. არ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება და პირდაპირ ვერ მოსთხოვს პრეზიდენტი დე ფაქტო ხელისუფლებას ზაზას გათავისუფლებას. ჩვენ ვაპირებთ გარეთ გასვლას და აქციების გამართვას. ოპოზიციასაც შევხვდებით და გავივლით კონსულტაციებს", - აცხადებს ზაზა გახელაძის ცოლი.

თითქმის 300 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს.

,,9 თვე გავიდა უკვე, რაც ზაზა დააკავეს. ამ ხნის განმავლობაში სულ ველოდებით, რამე ინფორმაციას. ჟენევაშიც გაიმართა შეხვედრა. იქაც ველოდებოდით რამე სიახლეს, მაგრამ არავინ შემოგვხმიანებია. 99-ე შეხვედრაც უშედეგოდ დასრულა. სულ გვაქვს რაღაც სიახლის მოლოდინი. სულ ველოდებით ახალ ამბავს.'' - ამბობს ზაზა გახელაძის დედა.

ერგნეთში 99-ე შეხვედრა 27 აპრილს გაიმართა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ კონკრეტულ შედეგების შესახებ არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის დიალოგისთვის მზაობა არსებობს.

,,ვიმედონებ, რომ ის მოლოდინები, რაც გააჩნიათ ოჯახის წევრებს, გარკვეული შედეგით დასრულდება. პროცესები მიმდინარეობს. თუმცა, მთავარია შედეგები. შესაძლოა, ეს ნაბიჯები არაა სწრაფი, მაგრამ გარკვეულ შედეგებზეა ორიენტირებული.'' - აღნიშნა ანთაძემ.
Print