ახალი ამბები
ძამას ხეობაში დაკარგული 3 ახალგაზრდა ტანას ხეობაში იპოვეს
3 ახალგაზრდა, რომელიც ძამას ხეობის გავლით, ახალქალაქში გადასვლას აპირებდა, ტანას ხეობაში იპოვეს.

მათი პოვნის შესახებ ინფორმაციას ,,სამხრეთის კარიბჭე'' ავრცელებს. როგორც ისინი აცხადებენ, სოფელ ლევიტანის სიახლოვეს მანქანით ტალახში იყვნენ ჩაფლულნი და იპოვეს.

ახალგაზრდები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის რაიონში მიდიოდნენ.

ახლობლების განმარტებით, ახალგაზრდები თბილისიდან დაბრუნებას მოკლე გზით, ტყეზე გავლით გეგმავდნენ, ბოლოს ახალგაზრდები ძამის ხეობის შესასვლელში ნახეს.

"თბილისიდან მოდიოდნენ, ქარელთან გადაუხვიეს და ძამის ხეობით წამოსულან, აქ სულ ტყის გზებია, ჯიპით არიან, ტელეფონები გამორთული აქვთ და ვერ ვუკავშირებით", - ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდას ახლობელი ,,სამხრეთის კარიბჭესთან' საუბარი.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ, პირველ მაისს დაახლოებით 23:00 საათზე შეატყობინეს.

"ბოლოს 16:00 საათზე კამერებმა სოფელ ლევიტანასთან დააფიქსირეს, მას შემდეგ კვალი იკარგება, ისეთი ხეობაა ტელეფონი არ იჭერს, გუშინვე უნდა დაბრუნებულიყვნენ, ამიტომ ვშიშობთ რაიმე პრობლემა ხომ არ შეექმნათ", - უყვება ,,სამხრეთის კარიბჭეს'' კიდევ ერთ-ერთი დაკარგულის ნათესავი.

სოფელი ლევიტანა კი მდინარე ტანას სათავეში მდებარეობს. სავარაუდოდ, ახალგაზრდები იმ ადგილზე იმყოფებიან, საიდანაც ორი მდინარე: აბუხალოსწყალი (ძამას შენაკადი) და ტანა იღებს სათავეს.

სამი დაკარგულიდან ორი კოთელიაში ცხოვრობს, ერთი კი თბილისში.
Print