ახალი ამბები
,,ამოდით, თითო ჭიქა დავლიოთ'' - რა მოხდა ხურვალეთის სასაფლაოზე
2 მაისს, აღდგომას, ხურვალეთის სასაფლაოს იმ ნაწილში, სადაც ძუკანთკარელთა მიცვალებულები არიან დასაფლავებულნი, ინციდენტი მოხდა. ოკუპირებულ სოფელ ორჭოსნის მხრიდან 3 ადამიანი სასაფლაოზე გადავიდა.

როგორც ხურვალეთელებმა გვითხრეს, 3 მამაკაცი ახლობლის საფლავზე მივიდა, შემდეგ კი, - სოფელ ხურვალეთში მცხოვრებლებს ოსურად ეძახდნენ - ,,ამოდით, თითო ჭიქა დავლიოთო''.

..ჩვენი სასაფლაო მდებარეობს გამყოფ ხაზთან. ერთ მხარეს დასაფლავებულნი არიან ის გარაცვლილები, რომლებიც დიდ და პატარა ხურვალეთში ცხოვრობდნენ, მეორე მხარეს კი, ძუკანთკარელები არიან დასაფლავებულნი. ის 3 ბიჭი ძუკანთკარის საფლავზე იყო, გვიყვიროდნენ, ამიდით, თითო ჭიქა დავლიოთო, ამოდით, მაგის დედა ვატირეო. ჩვენს პოლიციას ეგონა, რომ მათ აგინებდნენ. მე შორიდან ვერ ვიცანი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაგ სოფელში ყველანი ჩვენი ახლობლები არიან და არავინ ცუდს არ იტყოდა და არც დაიძახებდა.'' - გვითხრეს ხურვალეთში.

ჩვენი რესპოდენტის თქმით, კორონავირუსის რეგულაციების გამო, ხურვალეთელებმა წელსაც ვერ მოახერხეს საფლავზე ასვლა. სხვა დროს კი, ხშირია ერთმანეთთან გადაძახილი და აღდგომის მილოცვა.



ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ქართულმა პოლიციამ უმოქმედობა გამოიჩინა, რადგან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები რუსული სამხედრო ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. დავით ქაცარავა ამბობს, რომ იმ დროს, როდესაც ცხინვალის ციხეში საქართველოს 3 მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იხდის სასჯელს, ქართულმა პოლიციამ სანაცვლოდ 3 ადამიანი არ დააკავა.

საღამოს, დაახლოებით 21 საათზე, ამოქმედდა ცხელი ხაზი და სოფელ ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შევიდნენ. მისიის პრეს-სამსახურს, ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება არ გაუვრცელებია.

სოფელი ხურვალეთი და სოფელი ძუკანთკარი ერთმანეთის გვერდით მდებარეობს. ეს ორი დასახლება მავთულხლართებითაა გაყოფილი. გასულ წელს, რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა, ღობეები დაამონტაჟეს იმგვარად, რომ ორი სოფლის მოსახლეობას ერთმანეთთან კომუნიკაცია საბოლოოდ შეეწყვიტათ. როგორც ხურვალეთში გვითხრეს, სავარაუდოდ, ამიტომაც დართეს ნება რუსმა სამხედროებმა და ორჭოსნის გზა გამოიყენეს.


 

Print