ახალი ამბები
გორში სინოფარმით ვაქცინაცია დაიწყო
დღეიდან გორში ,,სინოფარმით'' ვაქცინაცია დაიწყო. პირველი მოქალაქე, ვინც დილის 10 საათზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, გიორგი ცერაძეა.

მისი თქმით, თავს ჯანმრთელად და, რაც მთავარია ბედნიერად გრძნობს.

აცრები შიდა ქართლში ოთხივე ქალაქში მიმდინარეობს - გორში ,,გორმედსა'' და სამხედრო ჰოსპიტალში, კასპის მედალფაში, ქარელის ,,გორმედის'' ფილიალში და ხაშურის ორ კლინიკაში.

,,აქტივობა ძალიან მაღალია და იმედია, მოსახლეობა მუხტს შეინარჩუნებს, - განაცხადა "გორმედის" კლინიკურმა დირექტორმა, ხათუნა შრუბმა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში ვაქცინაციას ორი ბრიგადა ახორციელებს.

იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა გაიზრდება და საჭირო გახდება ბრიგადის დამატება, ამისთვის კლინიკაში სრული მზადყოფნაა.

ჩინური ვაქცინის გამოყენებაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყო. ,,გახსნილია პორტალი და შესაძლებელია რეგისტრაცია, ყველა დღე დაკავებულია, ანუ 5-დან 25 მაისის ჩათვლით. ეტაპობრივად კიდევ გაიხსნება პორტალი და იმედია, მოსახლეობა ამ მუხტს შეინარჩუნებს. დღეში მოხდება 45-დან 50-მდე პაციენტის ვაქცინაცია, ამ ეტაპზე ვმუშაობთ ორი ბრიგადით, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა გაიზარდა და საჭირო გახდება ბრიგადის დამატება, ამისთვისაც მზად ვართ. გარდა ამისა, "ასტრაზენეკას" მეორე დოზით აცრისთვის რეგისტრაციის შესაძლებლობაც მიეცემა პაციენტებს და დავიწყებთ მეორად აცრებსაც, შესაბამისად, კლინიკა სრულად მობილიზებულია", - განაცხადა ხათუნა შრუბმა.
Print