ახალი ამბები
სტრასბურგის სასამართლო განიხილავს რამაზ ბეღელურის საქმეს რუსეთის წინააღმდეგ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრები რამაზ ბეღელური, დაკავებისას, რუსეთის სამხედროებმა სცემეს. ამის შესახებ მან ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს, დავით ქაცარავას განუცხადა.

ბეღელურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გაუარესდა. ის ორჯერ ,,გორმედის'' კლინიკაში, მესამედ კი, - თბილისში, ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში მოათავსეს.

როგორც დავით ქაცარავა აცხადებს, ცოტა ხნის წინ, ბეღელური კლინიკიდან გაწერეს და სოფელში მიყავთ. მისი თქმით, ბეღელური 3-ჯერ იყო დაკავებული და ფიზიკურ ძალადობას ყოველთვის განიცდიდა. მის მიმართ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ადვოკატი ნიკოლოზ ლეგაშვილი ჩერთო და სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი, რუსეთის წინააღმდეგ, მომზადდება.

,,რამაზის დედამ მომიყვა, თუ რა მოხდა სინამდვილეში. რამაზ ბეღელური დაკავებისთანავე რუსმა და ოსმა ჯარისკაცებმა სასტიკად სცემეს. მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავში. ციხეში რამაზი აღარ უცემიათ. როდესაც ვკითხე, რატომ დამალა რამაზმა ჟურნალისტებთან მისი ცემის ამბავი, შემზარავი, მაგრამ ჩემთვის არახალი პასუხი მივიღე - პოლიციამ დაარწმუნა რამაზ ბეღელური "მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე" არ გაემხილა ეს ამბავი, მერე რუსები გაღიზიანდებიან და გადაგეკიდებიანო. რამაზმაც დაუჯერა. ამ ისტორიას, რაც მე აქ მოგიყევით, დაადასტურებს რამაზის დედა და თვითონ რამაზი.'' - აცხადებს დავით ქაცარავა.

დავით ქაცარავამ ეს განცხადება სოციალურ ქსელში იმ დროს გამოაქვეყნა, როდესაც რამაზ ბეღელური ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, გადაიყვანეს, რადგან 2 ჯერ დაკარგა გონება. ექიმების დიაგნოზით, ყოფილ პატიმარს ეპილეფსია დაუდგინეს.

რამაზ ბეღელური, ბოლოს, 2021 წლის 2 თებერვალს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის 3 აპრილს გაათავისუფლეს.
Print