ახალი ამბები
,,ბევრი იქნება დამოკიდებული დღევანდელ დღეზე'' - შიდა ქართლის გუბერნატორი კორონავირუსის გავრცელებაზე
გორში, გორიჯვრობასთან დაკავშირებით, კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დაიცავენ რეგულაციებს მომლოცველები.

ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა მამუკა საღარეიშვილმა დღეს დილით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ახალი შემთხვევების შემცირება შეინიშნება, თუმცა, მასობრივი შეკრების გამო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხე გიორგობის დღესასწაულზე არსებობს. გორივრობის დღესასწაულზე მომლოცველებს პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა ევალებათ

"პირველ რიგში, ვულოცავ შიდა ქართლის მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს. მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინება მომლოცველებს გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებითაც მოუწევთ. გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან მისვლა ავტომობილებით დაშვებული არ არის, მომლოცველები ქვეითად შეძლებენ გორიჯვარზე ასვლას, თუმცა, მკაცრად გაკონტროლდება დისტანციისა და პირბადის ტარებაზე არსებული რეგულაციის დაცვა. მოქმედი რეგულაციების აღსრულებას პოლიცია აკონტროლებს", - განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მამუკა საღარეიშვილმა.

შიდა ქართლში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
Print