ახალი ამბები
ხაშური-სურამის ეპისკოპოსის შეურაცხყოფის გამო სამების ეკლესიის დეკანოზმა მეუფე იობის წინაშე დაიჩოქა
დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილი გაუგებრობას უწოდებს იმ ფაქტს, რაც ქარელში, საკათედრო ტაძარში მოხდა. მან რუის-ურბნისის მიტროპოლიტს სთხოვა შენდობა ხაშური-სურამის მეუფის, სვიმეონ ცაკაშვილის შეურაცხყოფის გამო.

,,უდიერი განწყობა გამოვხატე ხაშური-სურამის ეპისკოპოსის წინაშე, აღვნიშნე, რომ მასთან შეხვედრას მერჩივნა ქვეწარმავალს შევხვედროდი. საერო პირმა გამოხატა უკმაყოფილება და უხერხულია, ჩემთვის იმის თქმა, რა სახით მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.'' - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზმა, ფილოსოფოსმა თეიმურაზ თათარაშვილი.

მისი თქმით, მან მართლაც დაიჩოქა მეუფე იობის წინაშე, ოღონდ, ეს შეურაცხყოფის სახით, არ მიუღია

,,როდესაც ვითხოვ შენდობას ეპისკოპოსთან, ვასრულებთ მეტანიას. აქ არაფერია შეურაცხმყოფელი'' - განაცხადა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა ტვ პირველთან საუბრის დროს.

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი ჩივილს არ აპირებს. პრეტენზია არ გააჩნია არც იმ "ერის ადამიანის მიმართ", ვინც, მისივე თქმით, ფიზიკურად დაუპირისპირდა. სავარაუდოდ, ეს საერო პირი ხაშურის ეპისკოპოსის მძღოლია.

"მსურს, განვაცხადო ხმამაღლა, მე ვფიქრობ, რომ ყოველი სასულიერო პირი უნდა მოიქცეს ასე. იმას კი არ ვამბობ, მე მომბაძეთ-მეთქი. უბრალოდ ეს ჩივილი, ძიება, ქექვა, ისე მოხდა, ასე მოხდა, უნდა დაისაჯოს ადამიანი…" — დასძენს ის.

ჟურნალისტმა დეკანოზს უთხრა, რომ ის, რაც მან მოყვა, სისხლის სამართლის დანაშაულია.

"სისხლის სამართლის დანაშაული თუ არის, არავის მიმართ პრეტენზია, საჩივრის მსგავსი, არ გამაჩნია… იმედია, არ მიეცემა ამ საქმეს მსვლელობა. არავის ვუჩივი, მე არავითარი პრეტენზია ამაზე არ მაქვს. როგორც ყველა ადამიანს შორის, ჩვენს შორისაც არსებობს გარკვეული მინუსები, დაპირისპირებაც ზოგჯერ და ა.შ. რაც რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, მაგრამ თუ ვინმე გვაყენებს შეურაცხყოფას, თუ სადმე ვართ მძიმე მდგომარეობაში, ჩვენ ვალდებული ვართ, ეს ყველაფერი გადავყლაპოთ", — უპასუხა დეკანოზმა ჟურნალისტს.

ინფორმაცია დეკანოზის დაჩოქების შესახებ,  სოციალურ ქსელში თეოლოგმა ლევან ტატურაშვილმა გაავრცელა: ,,ეკლესია ჯოჯოხეთს დაემსგავსა!!! სამი საათის წინ ერთერთი მიტროპოლიტის რეზიდენციაშია სტუმარ ცნობილ სასულიერო პირს კრიტიკული აზრის გამო ასევე სტუმარი ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი თანხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა მღვდელს, სცემეს! და ძალადობრივად დააჩოქეს'' - წერს თეოლოგი.

თეიმურაზ თათარაშვილი 2019 წელს პატრიარქმა დააჯილდოვა: მის ქადაგებაში ვკითხულობთ:

,,არის დასაჯილდოებელი სასულიერო პირი, – დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი, მან დიდი შრომა გასწია ფილოსოფიის დარგში, დღეს სტუდენტები სწავლობენ მისი წიგნების მიხედვით. დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარებისუფლებით''.

ხაშური-სურამის ეკლესიები წლების განმავლობაში რუის-ურბნისის ეპარქიაში შედიოდა და მას მეუფე იობი ხელმძღანელობდა. მას შემდეგ, რაც ეპარქია გაიყო, მეუფე იობის ხელშეწყებოთი, ხაშური-სურამის ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი გახდა.
Print