ახალი ამბები
კუდუხანთუბნის სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა ტყე გაკაფეს
კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კუდუხანთუბნის სიახლოვეს, რუსმა სამხედროებმა ტყე გაკაფეს და გზა გაიყვანეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების განცხადებით, საოკუპაციო ხაზი თითქმის 1 კმ მანძილზეა გავლებული.

მოძრაობის ლიდერი, დათო ქაცარავა ამბობს, რომ უკანონო სამუშაოები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, 100 მეტრის სიღრმეში განახორციელეს.

,,ამ ადგილთან ახლოსაა ისტორიული ორკაპას ციხეც, თუმცა, ტერიტორია ე.წ. შიშის ზონადაა გამოცხადებული და ადგილობრივები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. სოფელში დღეს ჩასულ ჟურნალისტებს პოლიციამ ციხესთან მიახლოების საშუალება მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ მისცა.'' - აცხადებს დავით ქაცარავა.

კუდუხანთუბანში, იგივე კუდუხანთკარში მუდმივად ერთი ოჯახი ცხოვრობს. ვაჟა კუდუხაშვილი და მარიამ ზაალიშვილი წლებია სოფელს არ ტოვებენ. გამყოფი ხაზი, მათი საცხოვრებელი სახლიდან, 400 მ-ში მდებარეობს. იქვეა სასაფლაო და ორკაპას ციხე. როგორც მარიამ ზაალიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ორკაპას ციხესთან თვითონაც დიდი ხანია ვერ მიდიოდნენ.

კუდუხანთუბანი კასპის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და მდინარე ლეხურის მარცხენა მხარეს მდებარეობს. გამყოფი ხაზის მეორე მხარეს კი ახალგორის რაიონი სოფელი მონასტერია. ლეხურის მეორე მხარეს - საკორინთლო და ქვემო ჭალაა, ხოლო კუდუხანთუბნამდე - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი გორაკა.

იხ. რეპორტაჟი კუდუხანთუბნიდან (2020 წელი)

Print