ახალი ამბები
პროკურატურა გორში არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც, განცხადების მიხედვით, 2018 წლიდან 2021 წლის იანვრის ჩათვლით, ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი რამდენჯერმე გააუპატიურა.

,,გ.ზ. დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, თუ ის მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა. აღნიშნული დანაშაულის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2021 წლის 21 მაისს მიიღო და ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო.'' - ვკითხულობთ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გ.ზ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 25 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.
Print