ახალი ამბები
„ალტ-ინფოს“ ძალადობრივი ჯგუფი ნატა ფერაძის სახლთან
დღეს თბილისში სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან ათობით ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები პრორუსული ორგანიზაცია ,,ალტ-ინფოს'' წარმომადგენლები არიან,

ისინი წმინდა მატრონა მოსკოველის ხატზე, სადაც საბჭოთა დიქტატორი სტალინიცაა გამოსახული, საღებავის შესხმას აპროტესტებენ. სტალინის გამოსახულებიან ხატს ნატა ფერაძემ, გუშინ, სამების ეკლესიაში საღებავი შეასხა.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ნატა ფერაძემ ,,ხატს შეურაცხყოფა'' მიაყენა. ,,პუბლიკას'' ცნობით, აქტივისტის მისამართით ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები. აქცია რამდენიმე საათში დასრულდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
Print