ახალი ამბები
,,ჯოყოლიჩი'' და ოქროპირიძე - ვინ არიან პოლიციელები, რომლებსაც ძალადობაში ადანაშაულებენ
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო გორის პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც გორელი მოქალაქე, 39-წლის სერგო ბიჩინოვი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში ადანაშაულებს.

შემთხვევა 2023 წლის 30 დეკემბერს მოხდა. გამოძიება 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

როგორც სერგო ბიჩინოვი ტვ პირველთან საუბრისას ამტკიცებს, მასზე ორმა სამართალდამცავმა, მეტსახელად ჯოყოლიჩმა და კიდევ ერთმა - ოქროპირიძემ ფიზიკურად იძალადეს.

"მტაცა ხელი, რამდენს ლაპარაკობო და დამიწყო ძალადობით გათრევა. რომ ვუთხარი, რის საფუძველზე მაკავებთ-მეთქი, ბევრს ნუ ლაპარაკობო და ჩამსვეს პიკაპში, დამადეს ბორკილები. მანქანაში რომ დამსვეს, გვერდით მომიჯდა ეს ჯოყოლიჩი. "ფუ, შენნაირი კაცის დედაო" - ასე მითხრა და შემაფურთხა, რაზეც ბუნებრივია, ჩვეულებრივი პასუხი დავუბრუნე, შევაგინე მეც. გამოვიდა წყობილებიდან და დამიწყო რტყმა. ხელებზე ბორკილები მქონდა, მძიმე წუთები განვიცადე, 14 დარტყმა ავიტანე და მე-15-დან აღარ მახსოვს აღარაფერი. გონება დავკარგე. დაზიანება მივიღე ყურიდან, ჩირქში მაქვს ეს ადგილი". - ამბობს სერგო ბიჩინოვი.

პოლიციის დეტექტივი ვაჟა ოქროპირიძე 2024 წლის 10 იანვარს კიდევ ერთმა მოქალაქემ ამხილა არასათანადო მოპყრობაში. 


Print