ახალი ამბები
რატომ ესროლეს ძაღლს რეხაში? - ორი ვერსია
გორის პოლიციამ 65 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ცეცხსასროლი იარაღიდან ძაღლის დაჭრის ფაქტზე ედავებიან.

შემთხვევა სოფელ რეხაში მოხდა. მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. პროკურატურა ბრალს 15 იანვარს წარუდგენს, ხოლო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმავე დღესვე იმსჯელებს.

როგორც სოფელ რეხაში გვითხრეს, ძაღლი იმ დროს დაჭრეს, როდესაც მეძებარ ძაღლთან ,,უნებართვოდ'' იყო შეჯვარებული. მათი თქმით, მეძებარი ძაღლი ბრალდებულისაა. ხოლო დაჭრილი ძაღლი ბრალდებულის მეზობელს ჰყავდა მიკედლებული.

ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატი აცხადებს, რომ სიტუაცია სხვაგვარად იყო:

,,როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, ძაღლი მის მეურნეობას სისტემატიურად აზიანებდა, ამის გამო, გაბრაზდა და სანადირო თოფიდან ისროლა მხოლოდ შეშინების მიზნით. როგორც იგი ყვება, ტყვია ხიდან ასხლეტის შემდეგ მოხვდა ძაღლს.'' - ამბობს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი.

ამ ეტაპზე უცნობია დაჭრილი ძაღლის პატრონის პოზიცია. საგამოძიებო ორგანოები გამოძიებას აგრძელებენ.

გორის სოფელ რეხაში 12 იანვარს ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი ძაღლი გორის ვეტერინალურ კლინიკა ,,Vიპ ვეტში'' მიიყვანეს.

კლინიკა ,,ვიპ ვეტის'' ხელმძღვანელის, თამარ აფციაურის თქმით, ძაღლს ორი ტყვია კისრის არეში აქვს მოხვედრილი.
Print