ახალი ამბები
მოსამართლემ თქვა, რომ ძაღლის დაჭრაში ბრალდებულის მხრიდან მომდინარეობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე
გორის პროკურორმა 4 ათას ლარიანი გირაო მოითხოვა იმ ბრალდებულის მიმართ, რომელიც ძაღლის დაჭრის ფაქტზე დააკავეს.

მოსამართლე ლევან დარბაიძემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, თუმცა განმარტა, რომ ძალიან უარყოფითი შეხედულება ჩამოუყალიბდა ბრალდებულის მიმართ.

საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, მოსამართლეს არა აქვს უფლება გამოიყენოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რადგან პროკურორს ეს არ მოუთხოვია:

,,ბრალდებულის მხრიდან ნამდვილად მომდინარეობს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. დღევანდელ პროცესზეც დადასტურდა ზოგადად აგრესიული დამოკიდებულება ცხოველის მიმართ, მის განმარტებაში ეს აშკარად ჩანდა. ასევე მოწმეებზე ზემოქმედების მაღალი რისკი არის სახეზე, ასევე დასახელდა კონკრეტული მოწმეები, რომლებიც ამხელენ მას დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისად ამ საფრთხეების პრევენციისთვის აუცილებელია ის ღონისძიება, რაც სასამართლომ გამოიყენა'' - განაცხადა ლევან დარბაიძემ.

შეგახსენებთ, 12 იანვარს, სოფელ რეხაში ძაღლს სანადირო თოფიდან ესროლეს, ორივე ტყვია ცხოველს კისრის არეში მოხვდა. ვეტერინარულ კლინიკაში ის გადარჩინეს. ფაქტზე დააკავეს 65 წლის ე.ყ.

ერთ-ერთი ვერსიით ძაღლს იმ დროს ესროლეს, როდესაც დაჭრამდე ცხოველი ჯიშიან ძაღლთან შეჯვარებას ცდილობდა. თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ ძაღლს ბრალდებულმა მხოლოდ შეშინების მიზნით ესროლა.
Print