ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ლეთეთში ფეხით ავედით. გზა
საკმაოდ აღმართია, წვიმიანი ამინდი გვქონდა. სპეციალურად შევარჩიეთ
ასეთი დღე, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად აღნიშნავს, რომ
წვიმიან, თოვლიან და ტალახიან ამინდში სოფელში მოხვედრა რთულია.
გზას ქვემო ლეთეთიდან ავუყევით. პატარა მდინარე გადავკვეთეთ და გზას
შევუდექით. ნიადაგი სველი და მლაშეა – ფეხი ცურავს, თუმცა ფეხსაცმელი
ვერ გვაჩერებს. დაახლოებით 2 კილომეტრის სავალი გზაა აღმართზე, რომლის
გავლაც ძალზე რთულია.
გზაში, ვიწრო მონაკვეთზე, შემხვდა მაღალი გამავლობის მანქანა, რომელიც
გზას ცურვის რეჟიმში ფარავდა. იმის გამო, რომ გზა ვიწრო იყო, სწრაფად
მაღალი ადგილი დავიჭირეთ, რათა მანქანამ თავისუფლად გაიარა. სულ ორი
მანქანა შეგვხვდა – ისინი ეკლესიიდან დაბრუნებულნი იყვნენ. როგორც
ჩანს, დილით მოილოცეს სარკის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც კვირა
დღეს ხშირად სტუმრობენ მლოცველები.
სოფელ ზემო ლეთეთში ბოლოს ავედით. ძალიან პატარა, მაგრამ ცენტრალური
ტერიტორიის მქონე სოფელია. ცენტრში წყარო მოდის, რომელშიც ხელები
გავიბანეთ, თუმცა წყალი მალე შეწყდა.
ადგილობრივი მცხოვრებლის ძებნა დავიწყეთ და ერთ-ერთ სახლში, ჭიშკრის
ღია კარებთან, მამაკაცი გამოვიდა. მას ჩვენი მიზანი გავუზიარეთ –
გვაინტერესებდა, როგორ არის მოგვარებული გზისა და წყლის
პრობლემები.
ჩვენი მასპინძელი სულიკო გელაშვილი გვესაუბრა:
„ჯერჯერობით ჩვენამდე არაფერი მოუღწევია. გზა არ გვაქვს. ზამტარში,
ტალახიან ამინდში, მხოლოდ ორხიდიანი მანქანები გამოდიან. ზამთარში
საერთოდ მოწყვეტილი ვართ სამყაროს. ახალი არაფერი გვაქვს და მხოლოდ
ველოდებით.“
წყლის პრობლემაზეც ისაუბრა:
„ვითომ ორი კვირის წინ გაარემონტეს, კი არ გაარემონტეს, ,,გააკეთეს’’.
ძველები მოხსნეს, ახლები დააყენეს, მილები შეცვალეს. მისი მერე წყალი
არ გვაქვს. როცა ჟონავს, ვკეტავთ. მილში უნდა მოგროვდეს წყალი. ახლა
თქვენ რაც დახარჯეთ, ეგ მილში იყო მოგროვებული. სათავიდან წვეთებით
მოდის და გროვდება მილში. ალბათ ნახევარი საათის შემდეგ კიდევ
შევძლებთ ხელების დაბანას.“
სოფელში კიდევ უფრო მძიმეა მოსახლეობის მდგომარეობა:
„ტყიდან მოგვაქვს კვარი, ფისიანი ნაძვი. ჩემ ბავშვობაში სოფელი სავსე
იყო. იყო სამი „ბირჟა“, ეს იყო ფუნქციონირებადი ბირჟები. ოჯახები
მუდამ 5–10 სულზე ნაკლები არ იყვნენ. აი ეს სახლი რომ დგას, ამ ოჯახში
ცხოვრობდა თითქმის 12 სული ადამიანი. დღეს დარჩა მხოლოდ სამი ოჯახი –
ერთი ძალუაჩემია, ერთი ზევით ცხოვრობს, ლეილა ფილიშვილი.“