ახალი ამბები
გორის ჰოპიტალს ევროკავშირი 5,2 მლნ ევროს ღირებულების სამედიცინო ტექნიკას გადასცემს
გორის სამხედრო ჰოსპიტალს ევროკავშირი 5,2 მლნ ევროს ღირებულების სამედიცინო ტექნიკას გადასცემს.

სამედიცინო აღჭურვილობა ჰოსპიტალს 2023 წლის ბოლომდე გადაეცემა და ახალ სივრცეში განთავსდება, რომლის რეაბილიტაცია ამჟამად ხორციელდება.

აღნიშნული მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) დამტკიცებული დახმარების ფარგლებშია გათვალისწინებული.

რაც შეეხება ახალ სივრცეს, როგორც სამხედრო ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ოფიციალურ წყაროებში აღნიშნავს, მისი რეაბილიტაციაც წლის ბოლომდე დასრულდება:

,,ევროკავშირის მიერ ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) დამტკიცებული დახმარების ფარგლებში გადმოსაცემი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად საჭიროა მომზადდეს ახალი სივრცე აღჭურვილობის განსათავსებლად, სამონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად და ექსპლოატაციაში გასაშვებად, რაც ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ახალ სივრცესთან ადაპტირებულ არსებულ ინფრასტრუქტურის რეკონტრუქციასა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას საჭიროებს. რადგან ევროკავშირის მიერ დამტკიცებული დახმარებით გათვალისწინებული სამედიცინო მოწყობილობების გადმოცემა უნდა მოხდეს 2023 წლის ბოლომდე ეტაპობრივად, საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება მოხდეს დაყოვნების გარეშე, რათა არ მოხდეს დასახული გეგმის განხორციელების შეფერხება.'' - აღნიშნულია სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელის ახსნა-განმარტებაში.

როგორც ,,ქართლის ამბები'' გასულ წელს წერდა, ჰოსპიტალში ახალი სივრცის მშენებლობა დაიწყო. ირკვევა, რომ ეს ახალი სივრცე სწორედ ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სამედიცინო აღჭურვილობის განსათავსებლად კეთდება.

 

Print