ახალი ამბები
ავარიის საქმეზე, რა დროსაც ქვეითი დაიღუპა, პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
გორის სასამართლომ შს სამინისტროს თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურორ ნინო ზურაბიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ადვოკატი 20 000 ლარის ფარგლებში გირაოს ითხოვდა,  ბრალდებულმა თქვა, რომ არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას, რადგან ,,- 2'' მხედველობის გამო, ქვეითი არ შეუმჩნევია.

პროკურორის განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებული მიემალება გამოძიებას, ასევე, მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, პოლიციელმა მანქანა გადამალა.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, ავტომობილის მძღოლმა მიატოვა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.
Print