ახალი ამბები
პროტესტი ვაყაში - მშობლები სკოლის რეაბილიტაციას, განათლების სამინისტრო კი ახლის აშენებას ,,ითხოვს''
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყაში, მოსწავლეთა მშობლები სკოლის რეაბილიტაციას ითხოვენ, თუმცა სამინისტროს წარმომადგენლები ახალი შენობის აშენებას სთავაზობენ.

მშობელთათვის ახალი შენობის აშენების იდეა უკვე დაუჯერებელია, რადგან ორი წელია კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არაა.

ორი წელია ბავშვები გომის სკოლაში დადიან. ბოლო ერთი კვირაა მშობლები პროტესტის ნიშნად მოსწავლეებს მეზობელ სოფელში აღარ უშვებენ. მშობლები პირობას დებენ, რომ როგორც კი რეაბილიტაცია დაიწყება, ბავშვებს გომის სკოლაში გაუშვებენ.

ვაყის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა მაჭარაშვილის თქმით, ახალი შენობის აშენება სამინისტროს უფრო იაფი უჯდება, ვიდრე - რეაბილიტაცია.

,,სკოლის რეაბილიტაციას, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, 3 მლნ ლარი სჭირდება. იყვნენ ჩამოსულები სამინისტროდან და გვითხრეს, რომ რეაბილიტაციას სჯობს ახლის აშენებაო. ახლა ველოდებით სამხარაულის დასკვნას, თუ რამდენად რენტაბელურია რეაბილიტაცია.'' - აცხადებს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

თუკი სკოლის რეაბილიტაცია არარენტაბელურად ჩაითვლება, მაშინ ახალი სკოლის აშენებისთვის საჭირო პროცედურები დაიწყება, რაც ასევე დროს მოითხოვს.



Print