ნარკოტიკების უკანონოდ შეძენა - შენახვის ბრალდებით წუხელ
მეჯვრისხევში ერთი პირი დააკავეს.
გორის პროკურატურის პროკურორის ბარბარე ჩხეიძის განცხადებით, საქმე
ეხება ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რომლის ოდენობა ამ ეტაპზე
ზუსტდება.
1979 წელს დაბადებული ბრალდებული დღეს წინასწარი დაკავების
იზოლატორიდან სასამართლოში გადაიყვანეს. მას ადვოკატი არ ჰყავს.
პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდებული ამავე მუხლით გასამართლებულია
2022 წელს და დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ
იმყოფებოდა.
მან მოითხოვა, რომ დაკავებული გასამართლეს წინასწარი გამოძიების
გარეშე. ბარბარე ჩხეიძის მოთხოვნით, დაკავებულს 5-წლიანი პირობითი
მსჯავრი დაედო და საზოგადოებისათვის სასარგებლოდ 200 საათიანი მუშაობა
დაეკისრა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - თეიმურაზ
კუპატაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის
დასაწყისიდან ქვეყნის მასშტაბით 270 პირია დაკავებული, აქედან 27
ნარკორეალიზატორია.
,,დაკავებულ პირთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც
ტრადიციული - ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული
საშუალებების რეალიზაციას. გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ.
დამდებები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე დადების მეთოდით
ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან
ნარკოტიკების საზღვარზე უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც
ქვეყანაში სხეულით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული
საშუალებები. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის,
თურქეთის სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის,
ბელორუსიის, ერაყისა და ნიდერლანდების სამეფოს მოქალაქეები.'' -
აღნიშნა კუპატაძემ.
მისი მტკიცებით, ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები ძირითადად შემოდის
სახმელეთო და საჰაერო გზებით, ასევე საფოსტო გზავნილების მეშვეობით.