ახალი ამბები
,,ქართული ოცნება'' აბრუნებს ,,რუსულ კანონს''
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნება'' ხელახლა წარადგენს ე.წ. აგენტების კანონს.

დღეს, 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

მისი თქმით, კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიცირებული. მხოლოდ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". შარშანდელი კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

"რადიკალურმა ოპოზიციამ, "ენჯეოებმა" და მათმა ლობისტებმა შარშან შეცდომაში შეიყვანეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საკუთარი ხელით ათქმევინეს უარი კანონზე, რომელიც მათ წინაშე "ენჯეოების" ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას ითვალისწინებდა. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ქართული საზოგადოების ღირსების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, კანონს მიმდინარე სესიის ბოლომდე მიიღებენ.
Print