ახალი ამბები
არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას - დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების განცხადება
"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად ერთი წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი, წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა.'' - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც დღეს დამოუკიდებელმა მედიაორგანიზაციებმა გაავრცელეს.

პრესკონფერენცია თბილისში გაიმართა და ესწრებოდნენ: ნეტგაზეთი/ბათუმელები; პუბლიკა; On.ge; სტუდია „მონიტორი“; ტაბულა; პროექტი 64; OC Media; მთის ამბები; ჟურნალისტიკის რესურსცენტრი; ჟურნალისტური ეთიკის ქარტია; Tok Tv.

განცხადებას უერთდება ,,ქართლის ამბებიც''

განცხადებაში ვკითხულობთ:

"ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მოგვატყუა და მწვავე სახალხო პროტესტის შედეგად ერთი წლის წინ ჩაგდებული რუსული კანონი, წინასაარჩევნოდ უკან დააბრუნა.'' 

"ქართულ ოცნებას" არ მისცემენ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოში რუსული კანონი მიიღოს. 

რუსული კანონის მთავარი მიზანია დამოუკიდებელი და საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების განადგურება, თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, ტოტალური კონტროლის დამყარება საზოგადოებრივ აზრზე, იმ მედიის გაქრობა, რომელიც ხელისუფლებას ამხელს კორუფციაში, ნეპოტიზმში, სირატაკეში, ადამიანის უფლებების დარღვევაში, დაპირებებების შეუსრულებლობაში.

"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონი გარიყავს ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახისგან, ასამარებს დასავლურ მომავალს.

რუსულმა კანონმა რუსეთში გაანადგურა დამოუკიდებელი მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ჩაახშო კრიტიკული აზრი. რუსი ჟურნალისტები და სხვა აქტივისტები დააპატიმრეს, მოკლეს და ვინც ცოცხალი დარჩაგანდევნეს. რეჟიმის წინაშე რუსეთში საზოგადოება დარჩა სრულიად დაუცველი.

ჩვენ არ დავუშვებთ რუსული კანონის მიღებას, ბოლომდე გავუწევთ წინააღმდეგობას და მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" შეწყვიტოს თავისუფლებაზე თავდასხმა!", – აღნიშნულია დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

----

დღეს, 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

მისი თქმით, კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო ინიცირებული. მხოლოდ ტერმინი "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". შარშანდელი კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

"რადიკალურმა ოპოზიციამ, "ენჯეოებმა" და მათმა ლობისტებმა შარშან შეცდომაში შეიყვანეს ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც საკუთარი ხელით ათქმევინეს უარი კანონზე, რომელიც მათ წინაშე "ენჯეოების" ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას ითვალისწინებდა. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ქართული საზოგადოების ღირსების დაცვა ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, კანონს მიმდინარე სესიის ბოლომდე მიიღებენ.

ფოტო: სამხრეთის კარიბჭე
Print