ახალი ამბები
მგზავრთა გადაყვანა ახალი სტანდარტებით - რა პირობებს უყენებს მერია ნებართვის მაძიებლებს

 

ნებართვების გაცემის კომისია თვითმმართველი ქალაქის - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და მერიის თანამშრომლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების და მოწვეული სპეციალისტებისგან დაკომპლექტდება, რომელთა საქმიანობა ანაზღაურებადი არ იქნება.

 

კონკურსის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება ეძლევა წინასწარ გაეცნოს ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას.

 

განმცხადებელმა, გარდა იმისა, რომ მაიდენტიფიცირებული დოკუმენტის წარდგენა ევალება, უნდა მითითოს ავტობუსების კატეგორია, მარკა, მოდელი, რაოდენობა, მგზავრთა სალონის და მასში ასასვლელ-ჩასასვლელი კარების რაოდენობა, კარის ღობის სიგანე და სიმაღლე, თითოეული ავტობუსის გამოშვების წელი და შესაბამისობა სტანდართებთან: ავტობუსის გამოყენების ეფექტურობის, უსაფრთხოების, მოხერხებულობის და კომფორტულობის დამახასიათებელი თვისებები და პარამეტრები. შეუძლიათ, იჯარით/ლიზინგით ან სარგებლობის სხვა ფორმით აღებული ავტობუსების მითითება დამამტკიცებელი საბუთებით (ხელშეკრულებებით). ნებართვის მაძიებელმა დოკუმენტები კომისიის სხდომაზე დალუქულ მდგომარეობაში უნდა წარადგინოს.

 

ავტოტრანსპორტი უნდა იყოს M2 კატეგორიის: ,,ეს არის გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის შიდასატრანსპორტო კომიტეტის მიერ მიღებული ,,სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ" შემაჯამებელი რეზოლუციის შესაბამისად დადგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (ავტობუსი) კატეგორია, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა 5 ტონამდეა".

 

გამარჯვებულის გამოვლინების კრიტერიუმებია: ავტობუსის ტექნიკური მონაცემები; საკუთრებაში ან ხელშეკრულების საფუძველზე არსებული ავტობუსების რაოდენობა; სამგზავრო გადაყვანების მომსახურების მენეჯმენტი; შემოთავაზებული მგზავრობის ფასი (არსებული მგზავრობის ღირებულების შენარჩუნების თანხმობა ან მასზე ნაკლები ფასის დასაბუთებული შესაძლებლობა).

 

ხმის მიცემა წარმოებს ღია კენჭისყრით.

 

გამარჯვებულმა უნდა დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვისთვის დადგენილი წესები; სამუშაოზე მუშაკთა მიღებისას დაიცვას პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები და დაასაქმოს კონკურსში მის გამარჯვებამდე მარშუტზე მომუშავე მძღოლები და მხოლოდ ვაკანტური ადგილის არსებობის შემთხვევაში შესთავაზოს დასაქმება სხვა პირებს კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა მძღოლის პირადი ჰიგიენის და ჩაცმულობის ნორმები.

 

არ დაუშვას მძღოლის მიერ მარშუტზე მოძრაობისას თამბაქოს მოხმარება.

 

უზრუნველყოს მარშუტზე მომუშავე ავტობუსების აღჭურვა დადგენილი ნიმუშების სვლა-გეზის მაჩვენებელი ფირნიშებით (ელექტრო-ტაბლოებით), მგზავრობის ფასის გადახდის თანამედროვე სალარო-აპარატებით, ავტობუსში მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ტაბლო, სადაც აღნიშნული იქნება მძღოლის სახელი, გვარი, ფოტო-სურათი, ნებართვის მფლობელის დასახელება, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრები და მგზავრობის ფასები.

 

არ დაუშვას დადგენილ მგზავრტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა.

 

ნებართვა გაიცემა ერთჯერადად 3 წლის ვადით და ძალაშია ნებართვის ვადის გასვლამდე ან მის გაუქმებამდე. ნებართვის მიმღები ვალდებულია შეასრულოს საკონკურსო პირობებით აღებული ვალდებულება, კერძოდ, შეინარჩუნოს ხელშეკრულების გაფორმებისსას საბაზრო პირობებით განსაზღვრულ ლოტზე მგზავრთა გადაყვანის ფასი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მგზავრობის ღირებულების შეცვლა განპირობებულია ფასზე მოქმედი ფაქტორების მნიშვნელოვანი ცვლილებით.

 

ასეთია, ქალაქ გორის საკრებულოში, მერიის ეკონომიკური სამსახურის მიერ, წარდგენილი დადგენილების პროექტის მოკლე შინაარსი. დოკუმენტი  26 იანვარს დარეგისტრირდა. დარგობრივი კომისია, რომლის ხელმძღვანელია ზურაბ როსებაშვილი, თავის შესაფებას საკრებულოს სხდომაზე წარადგენს, სადაც ასევე საჯარო განხილვაც მოხდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები