ახალი ამბები
ბენზინგასამართ სადგურებიდან სინჯები აიღეს
ბენზინში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით, ბენზინგასამართი სადგურების შემოწმება დაიწყეს და ქვეყნის მასშტაბით, 240 სინჯი აიღეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, შემოწმება კომპანიების წარმომადგენლების გაფრთხილების გარეშე გორციელდება.

,,სინჯების ლაბორატორიულ კვლევას საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია უზრუნველყოფს. კვლევის შედეგად, დადგინდება ბენზინში ტყვიის შემადგენლობის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში. " - აღნიშნავენ პრეს-სამსახურში.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 8 000 ლარის ოდენობით.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ინფორმაციით, ნავთობპროდუქტების შემოწმება ხდება მხოლოდ დაინტერესებული მხარის მომართვის საფუძველზე.

2010 - 2015 წლებში სულ 489 ნიმუშის (ბენზინის და დიზელის) შემოწმება განხორციელდა, საიდანაც 38% (187 ნიმუში) არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს.
.





Print

სტატიის გამოყენების პირობები