ახალი ამბები
,,სასულიერო პირს ჩვენს სოფელში არავინ დევნის" - მეუფეების საგანგებო ვიზიტი

 

დღეს 30 იანვარს საპატრიარქოში შექმნილი სპეციალური კომისია ვარიანში მცხოვრები სასულიერო პირის, მამა გრიგოლის (გოჩა გოგიჩაძის) საკითხის შესწავლას უკვე შეუდგა. ქორეპისკოპოსები - ბოდბელი მეუფე იაკობი და სამცხე-ჯავახეთის მიტროპოლიტი თეოდორე ვარიანში ადგილობრივ მცხოვრებლებს იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმში შეხვდნენ. ვარიანში ჩასვლამდე ქორეპისკოპოსები გორში გორის მიტროპოლიტს, მეუფე ანდრიას და, შემდეგ, მრევლს შეხვდნენ. დღეს, ფაქტობრივად, უმაღლესი რანგის სასულიერო პირებმა, მამა გრიგოლთან დაპირისპირებულ მხარესთან, შეხვედრები დაასრულა.

 

,,მთავარია ჯვარი მოხსნან და კაბა გახადონ, მერე ჩვენ მოვუვლით" - თქვა ვარიანის ეკლესიასთან და იაკობ გოგებაშვილის სახლმუზეუმთან შეკრებილმა ვალიკო დოლიაშვილმა (ვეტერანთა საზოგადოების გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ) იმ დროს, ვიდრე ქორეპისკოპოსები სოფელში ჩავიდოდნენ. ,,იმათაც ზედ მივაყოლებთ, ვინც მაგას გვერდით დაუდგება" - ცხარობდა ერთ-ერთი ადგილობრივი - არჩილ ურჯუმელაშვილი.

 

,,კომისიას აინტერესებს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იქცევა მამა გრიგოლი. იქცევა თუ არა სასულიერო პირისთვის შეუფერებლად. სამოქალაქო დავები არ აინტერესებთ. ისაუბრეთ იმაზე, რაც იცით და რეალობაა, გამუქება არაა საჭირო" - უთხრა შეკრებილებს ვარიანის ეკლესიის მოძღვარმა, მამა თადეოზმა (ქებაძე).

 

მისასალმებელ სიტყვაში ქორეპისკოპოსმა თეოდორემ ადგილობრივ მრევლს საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა კურთხევა გადასცა. ,,კომისიის წევრები ყველა მხარეს შევხდებით. საჯარო ბრალდებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ეკლესიაში და გვინდა ეს გაუგებრობა გავარკვიოთ თქვენთან" - უთხრა მეუფე თეოდორემ ადგილობრივებს. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს გვთხოვა, რომ შეხვედრის ძირითად ნაწილს არ დავსწრებოდით.

 

ვიდრე შეხვედრა მიმდინარეობდა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი სოფლის ცენტრში სხვა, რამდენიმე ადგილობრივს გაესაუბრა. ,,ჩვენ ამ საქმეში არ ვერევით, მამა გრიგოლს ჩვენთვის არაფერი დაუშავებია. მანდ სხვა რაღაცეები ხდება. აბა გადახედეთ, ირგვლივ რა მანქანები დგას და ვისი? სოფლის თავკაცები ეგენი არიან, ყოფილი თავმჯდომარეები, კოლმეურნეობის ხელმძღვანელები და უფროსები" - გვითხრა ასაკოვანმა მამაკაცმა, გივი ბერკაცაშვილმა.

 

შეხვედრა თითქმის ერთ საათს გაგრძელდა.

 

შეხვედრის დამთავრების და მეუფეების გაცილებისას ვარიანის დეპუტატმა საკრებულოში ვახტანგ ბერკაცაშვილმა მეუფე იაკობს უთხრა: ,,მეუფე, ეგ კაცი იცი როგორია, ნათესავი არ ჰყავს..." ქორეპისკოპოსმა სიტყვა არ დაამთავრებინა. ეს ფრაზა ხუმრობაში გაატარეს. შემდეგ ვეტერანთა ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ ვალიკო დოლიაშვილმა დაამატა: ,,ძალა ძალაა ხო იცით?".. ამ ფრაზას ეპისკოპოსმა ასე მიუგო: ,,არა, არა, ეგრე არ არის რა... უფალმა ინება და..." - ამის შემდეგ მეუფე იაკობის ფრაზა ვიდეოში აღარ ისმის. ბოლოს კი განმარტა, რომ ,,ეს საქმეები საბოლოოდ უნდა გაიხსნას"

 

რაც შეეხება შეხვედრის მონაწილე ადგილობრივებს, ისინი აცხადებენ, რომ მამა გრიგოლი სოფლიდან უნდა წავიდეს, რადგან სასულიერო პირისთვის შეუფერებლად იქცევა.

 

შეგახსენებთ, მამა გრიგოლი (გოგიჩაძე), საკუთარი სახლის და ფერმის დაწვის, მანქანის დამტვრევის და მუქარაზე, პასუხისმგებლობას გორის მიტროპოლიტს მეუფე ანდრიას აკისრებს. გორის ეპარქია კი აცხადებს, რომ მამა გრიგოლს დაპირისპირება ადგილობრივებთან აქვს. მოწინააღმდეგე ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ ზემოჩამოთვლილ დანაშაულებრივ ფაქტებს მამა გრიგოლი თავადვე გააკეთებდა.  ისინი ელოდებიან იმ დროს, როდესაც მამა გრიგოლს (გოგიჩაძეს) ჯვარს ახსნიან და ანაფორას გახდიან: ,,მერე ვნახოთ, აქ როგორ გამოივლის?! გვეუბნებიან, თქვენ არა გაქვთ სასულიერო პირის განდევნის უფლებაო, აბა, როდემდე უნდა ვითმინოთ მისი საქციელი?!"

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები