ახალი ამბები
10 დეკემბერი - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა
ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ევროკავშირმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და სახალხო დამცველის აპარატმა ერთობლივი საკომუნიკაციო კამპანია დაიწყეს. 2018 წლის კვირეული ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს ეძღვნება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა ჩატარდება, გაიმართება საკომუნიკაციო კამპანია ტელევიზიებსა და სოციალურ მედიაში.

დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ევროკავშირმა, საქართველოს სახალხო დამცველთან და გაეროსთან ერთად, გახსნა ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული, რომელიც ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს ეძღვნება.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განაცხადა: “წელს, ჩვენ ავღნიშნავთ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის 70-ე წლისთავს. ადამიანის უფლებები ძირითადია ევროკავშირისთვის და მისი საქართველოსთან ურთიერთობისთვის. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ კვლავ ავიმაღლებთ ხმას მსოფლიოში ადამიანის უფლებების დასაცავად.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ აღნიშნა: დღეს სრულიად მსოფლიო აღნიშნავს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს, რომლის მთავარი გზავნილი თანასწორობის, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსებისთვის ერთობლივი ბრძოლაა. ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღებიდან 70 წლის შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რაც საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით არსებობს. სახალხო დამცველის საქმიანობის ძირითადი პრინციპები სწორედ დეკლარაციის სულისკვეთებას ეფუძნება და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად.“

"ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც ყველას ერთად და ყოველ ჩვენთაგანს ცალცალკე ეხება. დეკლარაციაში გამოცხადებული ძირითადი უფლებები დღეს ისევე მნიშვნელოვანია, როგორც 70 წლის წინ. მართალია, დეკლარაცია მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფომ აღიარა, მაგრამ ბევრი ქვეყნისათვის მისი განხორციელება კვლავაც გამოწვევად რჩება“, - განაცხადა საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა, მუნხტუია ალთანგერელმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ერთობლივად ატარებენ საკომუნიკაციო კამპანიას საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. კამპანიის გახსნითი ღონისძიება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისში, მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორაზე გაიმართება. საკომუნიკაციო კამპანიის სლოგანია „ხმა ავიმაღლოთ ადამიანის უფლებების დასაცავად“. 

კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე ასევე შედგება მულტიმედიური პლატფორმის StandUp4HumanRights.ge პრეზენტაცია, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ განხორციელებულმა პროექტმა „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ წარადგინა. მულტიმედიურ პლატფორმაზე თავმოყრილია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 30 მუხლის ვიდეო-ვერსიები, რომლებშიც საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღემდე ერთი კვირით ადრე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმოდგენილი იყო შვიდი ფილმი, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პრობლემებს ასახავდა. ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, ადამიანის უფლებების თემაზე საუკეთესო ფილმი, “გოგონა”, რომლის რეჟისორია ლუკას დონტი, დააჯილდოვა “ევროკავშირის პრიზით ადამიანის უფლებები კინოში". ასევე, ადამიანის უფლებების თემაზე, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის გაიმართა ლარს კრაუმეს ფილმის „ჩუმი რევოლუცია“ ჩვენება, რომელიც დასრულდა ადამიანის უფლებების თემაზე დისკუსიით.

ადამიანის უფლებათა დაცვის დღე მთელს მსოფლიოში 10 დეკემბერს აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1948 წელს, გაეროს ასამბლეამ ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია მიიღო. ადამიანის უფლებათა დაცვის დღის 2018 წლის სლოგანია: "ხმას ვიმაღლებ ადამიანის უფლებების დასაცავად" #standup4humanrights.
Print

სტატიის გამოყენების პირობები