ახალი ამბები
,,ნუ ვისაუბრებთ ოსაკაზე" - იაპონიაში ,,ტრავმირებულმა" მოჭიდავეებმა ევროპის ძიუდოს ლიგა მოიგეს
გორის ძიუდოს კლუბი ,,გოლდენ გორი" ევროპის ლიგიდან გამარჯვებული დაბრუნდა. საზეიმო შეხვედრა მის მონაწილეებს სპორტის განვითარების სააგენტოს სააქტო დარბაზში მოუწყეს.

წარმატებული ტურის შესახებ ისაუბრა გორის მერმაც, კოტე თავზარაშვილმა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის კითხვაზე, თუ რატომ უვლიან გვერდს იაპონიაში მომხდარ ამბავს, თავზარაშვილი ამბობს, რომ ,,ეს სხვა თემაა".

,,ევრონიუსმა" იაპონიის ქალაქ ოსაკაში გამართულ ტურნირს სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა. არხის სპორტული ჟურნალისტის თქმით, სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონებმა ოსაკას ტურნირზე რეალური შოუ აჩვენეს. ეს შოუ 23-25 ნოემბერს გაიმართა. სიუჟეტში საქართველოს ნაკრების წევრები არ მოხვდნენ.

ოსაკადან საქართველოში ნაადრევად დაბრუნდნენ ლაშა შადათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი. ნაკრების სხვა წევრები კი შეკრებაზე დარჩნენ. ნაადრევად დაბრუნების მიზეზებზე მათმა პირადმა მწვრთნელმა ანზორ თენაძემ ისაუბრა. მისი თქმით, გორელი მოჭიდავეები ჩვეულ ფორმაში არ იყვნენ, გადაღლილობა ეტყობოდათ და ამასთანავე ემზადებოდნენ ევროპის ლიგისთვის.

,,გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იაპონიაში ჩვენს მოჭიდავეებს შორის, ინციდენტი მოხდა, რაც ტყუილია. ეს ინფორმაცია ალბათ იმიტომ გავრცელდა, რომ ცოტა ხნის წინ ჭიდაობის ფედერაციაში დაპირისპირება იყო. სხვა მხრივ, შემიძლია გითხრათ, რომ ერთმანეთს რამდენიმე ტურნირი გადაება. ბიჭები ჰააგაში იმყოფებოდნენ მანამდე, გრან პრიზე, სადაც ასევე წარმატებას მიაღწიეს. შემდეგ წავიდნენ ოსაკაში" - აცხადებს ანზორ თენაზე.

ჰააგადან იაპონიაში მოჭიდაავები 23 ნოემბერს გაფრინდნენ. 24 ნოემბერს ჭიდაობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს იმის შესახებ, რომ მოჭიდაავებს ტრავმები აქვთ მიღებული და შედეგსაც ვერ მიაღწიეს. ოსაკადან საქართველოს ნაკრები ტიტულების გარეშე დაბრუნდა.

ორი კვირის შემდეგ, ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი ,,გოლდენ გორის" სახელით ევროპის ლიგაზე წავიდნენ. 7-8 დეკემბერს (ბექა ღვინიაშვილთან უშანგი კოკაურთან დალუკა მაისურაძესთან ერთად) გამარჯვებასაც მიაღწიეს. ,,ტრავმირებულმა" ძიუდოისტებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიგეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები