ახალი ამბები
,,გაფრთხილებთ" - აღმასრულებლის მკაცრი წერილი საკრებულოში

 

ეს წერილი ეხება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2014 წლის 4 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის მიხედვით, სოფლების: ვარიანისა და შინდისის ტერიტორიული ორგანოების მთავარი სპეციალისტები - იზოლდა კოკაური და ირმა პაპუნაშვილი სამსახურში უნდა აღდგნენ. ამ დრომდე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული, ხოლო იზოლდა კოკაური და ირმა პაპუნაშვილი სამსახურში აღდგენას დღემდე ელოდებიან.

 

აღმასრულებელმა ირაკლი მანჩხაშვილმა ეს წერილი, როგორც გითხარით, მუნიციპალიტეტის დღეს გამოუგზავნა. ასლები კი დაინტერესებულ მხარეებს მიაწოდა.

 

როგორც წერილიდან ირკვევა, 2014 წლის 1 დეკემბერს, მუნიციპალიტეტმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა შემდეგი კითხვით, თუ როგორ აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ვითარებაში, როდესაც ვარიანისა და შინდისის ტერიტორიული ორგანოების უფლებამონაცვლეობის საკითხი გასარკვევია. საქმე იმაშია, რომ იმ დროს, როდესაც იზოლდა კოკაური და ირმა პაპუნაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, არსებობდა, მხოლოდ, ერთი უწყება - გორის მუნიციპალიტეტი. 2014 წლის ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტი ორად გაიყო - ქალაქ გორის მერიად და გორის მუნიციპალიტეტის თემად.

 

2014 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ახალი განჩინებით, მუნიციპალიტეტს უზენაესი სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის განმარტებაზე უარი უთხრა. ,,რადგან ეს სცდება კანონიერ ძალაში შესული  გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს. შესაბამისად, მოცემული მოთხოვნა, ნამდვილი მიზნის მიღწევას, არ ემსახურება." - წერია 16 დეკემბრის განჩინებაში.

 

,,გამომდინარე აქედან, გეძლევათ წინადადება ნებაყოფლობით დაუყოვნებლივ (აღმასრულებლის ხაზგასმა- რედ) აღასრულოთ სააღსრულებლო ფურცლის მოთხოვნა და შესრულების შესახებ გვაცნობოთ წერილობით" - სწერს მანჩხანაშვილი საკრებულოს.

 

შეგახსენებთ, სასამართლომ 2013 წლის 23 და 28 თებერვლის ბრძანებები არარად აღიარა. ეს ბრძანებები მაშინდელმა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ გამოსცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტების დანიშვნა-გათავისუფლებების საკითხი,  საკრებულოს თავმჯდომარის კომპეტენციას სცილდებოდა და ეს გამგებელს უნდა გაკეთებინა. იზოლდა კოკაურის და ირმა პაპუნაშვილის შესახებ ადმინისტრაციული წარმოებები იურიდიული განყოფილების უფროსმა რეზო გოგიაშვილმა განახორციელა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები