ახალი ამბები
მაია ოთინაშვილი შვილებთან ერთად ძალადობის დაფარული ფორმების შესახებ შეხვედრას დაესწრება
ხვალ 15:00 საათზე, ვერხვების დევნილთა დასახლების სათემო ცენტრში შეხვედრა გაიმართება, სადაც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი, შეკრებილ საზოგადოებას ძალადობის დაფარული ფორმების შესახებ ესაუბრება.

შეხვედრა ქალთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ეწყობა, რომელსაც მაისიდან გორის მუნიციპალიტეტში კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრი ახორციელებს.

შეხვედრაზე დასწრების სურვილი დევნლ ქალებთან ერთად ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრებმა ქალებმაც გამოთქვეს. მათ შორისაა მაია ოთინაშვილი, რომელმაც ცხინვალის ციხეში 11 დღიანი პატიმრობის შემდეგ მსგავს აქტივობებში ჩართვა და გააქტიურება გადაწყვიტა.

„ვფიქრობ მნიშვნელოვანია ჩემი დასწრება მსგავს შეხვედრებზე, ვაპირებ ჩემს გოგოებთან ერთად უფრო მეტი გავიგო ქალის უფლებებსა და ძალადობის აღმოფხვრის გზებზე. ადრე დედაჩემი სულ მთხოვდა, რომ მონაწილეობა მიმეღო ასეთ შეხვედრებში, მაგრამ ამ დრომდე ეს ვერ მიხერხდებოდა. ახლა ვგეგმავ რომ აქტიურად ჩავერთო ყველა ღონისძიებაში, რაც ადამიანის უფლებებსა და საზოგადოებაში აქტიურ ცხოვრებას უკავშირდება.“ - ამბობს მაია ოთინაშვილი.

კვირის ბოლოს დაგეგმილია პროექტის დასკვნითი ღონისძიება, სადაც ორგანიზატორები 6 თვიანი მუშაობის შედეგებს შეაჯამებენ და ადგილობრივი აქტიური ქალების მოკლე ისტორიების ამსახველ 2019 წლის კალენდარს გაავრცელებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები