ახალი ამბები
ერგნეთის სხდომაზე 11 საკითხი იხილება
უკვე 3 საათია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით-90-ე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ, ქართული მხარე კი, კვლავ ტატუნაშვილის და ბაშარულის საკითხებზე გეგმავს მსჯელობას.

„დღის წესრიგის მიხედვით, განსახილველი გვაქვს 11 საკითხი. მთავარი ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს. ასევე, ვისაუბრებთ დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებულ პასუხგაუცემელ კითხვებზე. ყურადღებას გავამახვილებთ უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

მისივე თქმით, ერგნეთის შეხვედრების განახლება ქართული მხარის და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის შედეგია. აღნიშნულ ფორმატში ბოლო შეხვედრა სექტემბერში ჩატარდა, თუმცა, რიგით 89-ე მოლაპარაკება დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების მხრიდან პროტესტის ნიშნად ჩაიშალა და მას შემდეგ აღარ გამართულა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა დღის წესრიგიდან ახალგორის ტერიტორიაზე დაკავებული და შემდგომ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს, ქართული დელეგაციის მხრიდან უარს კი უთანხმოება მოჰყვა, რაც სხდომის ჩაშლის მიზეზი გახდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები