ახალი ამბები
,,ფარული ქურდი" მეჯვრისხევის სკოლაში

 

სკოლის დირექტორისთვის, მაია ტოლიაშვილის (სამინისტროს ვებ-გვერდზე კი კვლავ ყოფილი დირექტორის მზია სუხიშვილის გვარია მითითებული - რედ)  შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტების გამოჩენა მოულოდნელი აღმოჩნდა. ,,გთხოვთ, დატოვეთ სკოლის ტერიტორია. ვინ გამოგგზავნათ ან რატომ გაინტერესებთ, არაფერი მომხდარა, ფული არ დაკარგულა" - გვითხრა მან. 

 

,,რა მოხდა? თქვენ არ შეატყობინეთ პოლიციას?" - ვკითხეთ სკოლის დირექტორს. ,,კომენტარს არ ვაკეთებთ, გთხოვთ, დაგვტოვეთ" - იყო პასუხი ჩვენს განმეორებით კითხვაზე.

 

სკოლის სამასწავლებლოში 20-მდე მასწავლებელი იმყოფებოდა. ,,ვაიმე, არაფერი გაგვიგია" - ეს იყო პედკოლექტივის ერთობლივი პასუხი, თანაც დირექტორის თანდასწრებით.

 

,,სკოლის დირექტორი გარკვეული რაოდენობის თანხას  დიდი ხანია კარგავდა სკოლაში, მაგრამ ხელს ვერავის ადებდა. ბოლოს დაუნომრია 20 ლარიანი.  თანამშრომელს დაავალა პედაგოგების ნივთების ჩხრეკა და დანომრილი 20 ლარიანი ერთ-ერთი პედაგოგის წიგნში აღმოაჩინა. არავინ იცის, ვინ ამოიღო ის 20 ლარიანი დირექტორის ჩანთიდან, ხოლო ვინ ჩადო პედაგოგის წიგნში? შესაძლოა, ამ პედაგოგის და დირექტორის დაპირისპირება, ვინმეს აძლევდეს ხელს" - გვითხრა იმ ადამიანმა, რომლის მეშვეობით ეს ამბავი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა შეიტყო.

 

დეტალებს სკოლის დირექტორი არ ახმაურებს; პედაგოგებს პოლიციის თანამშრომლების გამოძახების ფაქტი და საგამოძიებო ჯგუფის ვიზიტი ,,არ გაუგიათ"; შს პრესსამსახური ამბობს, რომ ახსნა-განმარტება მხოლოდ სკოლის დირექტორს ჩამოართვეს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები