ახალი ამბები
ხელფასები თუ შვილები - გამგებლის მანქანაში გამართული კამათის შემდეგ

 

,,ახლა 500 კაციანი საჩივარი მიდევს მაგიდაზე, მის შვილს უჩივიან ერთ-ერთ სოფელში, ცეკვას არ ასწავლის და არ დადისო. ახლა მე რომ გათავისუფლების საკითხი დავაყენო, ხათუნა ხათაშვილი დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ, პოლიტიკურ დევნაზე გააკეთებს აქცენტს" - გვითხრა დავით ონიაშვილმა მას შემდეგ, რაც ინტერვიუს ჩაწერა დავამთავრეთ. დავით ონიაშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ გამგებლად არჩევის შემდეგ ხათუნა ხათაშვილი, მაღალ თანამდებობებზე, შვილების დანიშვნას სისტემატიურად სთხოვდა და ეს თხოვნა არ შეუსრულა.

 

ხათუნა ხათაშვილის შვილების თემა პირველად 2015 წლის 3 თებერვალს საპროცედურო კომისიის სხდომაზე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ კობა ბერიანიძემ წამოაყენა. ამის შესახებ Qartli.gE-მ ვიდეოც კი გაავრცელა.  კომისიის სხდომის შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, საკრებულოს წევრი ხათუნა ხათაშვილი და გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნათია მდინარაძე სოფელ კარალეთში სპორტული მოედნის სანახავად წავიდნენ.

 

რა შუაშია ამ თემაზე კარალეთის სპორტული მოედანი? ხათუნა ხათაშვილი სოფელ კარალეთში ცხოვრობს და საკრებულოს წევრია პარტიული სიით. მან კომისიის სხდომაზე იმ დოკუმენტის მონაცემები გააპროტესტა, სადაც წაიკითხა, რომ სოფელ კარალეთში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია (5 ათასი ლარის ფარგლებში) დასრულებულია. სინამდვილეში კი დასრულებული არ არისო.

 

ხათუნა ხათაშვილი ადასტურებს, რომ სოფელ კარალეთში, მართლად, გამგებლის მანქანით წავიდნენ.

 

,,სწორედ მანქანაში ჰქონდა ადგილი იმ შეურცხაყოფას და მუქარას, რაც გამგებლის მხრიდან წამოვიდა; რომ მე ცილისწამებისთვის პასუხს ვაგებდი; რომ პროკურატურაში მიჩივლებდა; რომ წერა-კითხვის უცოდინარი ვარ და ა.შ." - ამბობს ხათუნა ხათაშვილი.

 

,,ჩვენ ჩვენი პარტიის წევრს არავის დავაჩაგვრინებთ" - ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი ,,თავისუფალი დემოკრატების" გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, პარლამენტარმა თამაზ შიოშვილმა. ის კოალიცია ,,ქართულ ოცნებას" მუნიციპალიტეტის გამგებლის გამონათქვამებზე და მუქარებზე რეაგირებას სთხოვს: ,,მინდა მივმართო დავით ონიაშვილს, რომ განსხვავებულ აზრებს მოთმინებით მოეკიდოს; მინდა მივმართო კოალიცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელებს, რომ გამგებლის ქმედებაზე რეაგირება მოახდინონ" - აღნიშნა თამაზ შიოშვილმა ბრიფინგზე.

 

შეუძლია თუ არა პროკურატურას ცილისწამებისთვის ვინმეს პასუხი აგებინოს, ეს საკითხი კარგად ესმის კიდევ ერთ ,,თავისუფალ დემოკრატს" თამარ თედლიაშვილს. ,,რაც შეეხება მუქარას, ეს დასჯადია. სწორედ ამიტომ მუქარის ფაქტზე ინფორმაცია სახალხო დამცველის წარმომადგენელს მივაწოდე" - აღნიშნავს თამარ თედლიაშვილი.

 

ონიაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის თემა მოგონილია. მისი თქმით, მას და მის თანამშრომლებს, ხათუნა ხათაშვილის გამო, პროკურატურაში ჩივილის დრო არა აქვთ:

 

,,ჩივილი არ არის ჩემი სტილი. ჩვენი მოსახლეობა კონკრეტული საქმეების გადაწყვეტას ელოდება, და არა ხათუნა ხათაშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. მანქანაში რაც მოხდა, ეს იყო ჩვეულებრივი საუბარი იმის შესახებ, რომ ხათუნა ხათაშვილს მოსახლეობა შეცდომაში არ უნდა შეეყვანა; ენახა დოკუმენტები და საჯარო ბრალდება ამის შემდეგ გაეკეთებინა." - აღნიშნავს დავით ონიაშვილი.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მანქანაში მყოფ კიდევ ერთ პიროვნებას, მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს ნათია მდინარაძეს გაესაუბრა.

 

,,გზაში თვითონ ხათუნა ხათაშვილი ცდილობდა, რომ პროვოკაციაზე წამოეგო დავით ონიაშვილი. ეუბნებოდა გამგებელს, რომ ტელეფონი ჰქონდა და ყველაფერს იწერდა. თუ მე მანქანაში მომხდარი საუბრის მომსწრე ვარ, იმის მომსწრეც ვარ, რომ გუშინ საკრებულოს თავმჯდომარესთან კოტე თავზარაშვილთან შეხვდრის დროს, ერთ-ერთი შვილის დანიშვნა მოითხოვა კულტურის სახლის დირექტორად" - განაცხადა ნათია მდინარაძემ.

 

ხათუნა ხათაშვილი ფიქრობს, რომ გამგებლის გაღიზიანება, საკრებულოში,  ხელფასების გაზრდის საკითხის ჩავარდნას უკავშირდება, რომელსაც დაახლოებით ერთი თვის წინ ჰქონდა ადგილი და ხათუნა ხათაშვილი იყო აქტიური წინააღმდეგი. იხ. აქ:

 

რაც შეეხება დღევანდელ ბრიფინგს და გაკეთებულ კომენტარებს, უფრო ვრცლად იხილეთ ვიდეო: 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები