ახალი ამბები
1991 წლის 6 იანვარი გორსა და ცხინვალში
ცხინვალში, 1991 წლის 6 იანვარი, ტრადიციულად,
გაიხსენეს. ცხინვალის გაზეთ ,,რესპუბლიკას“ ცნობით, იმ დილით, ქალაქი
ქართული მილიციით იყო ,,ოკუპირებული“.
გაზეთი უთითებს, რომ ცხინვალში მილიციის შენაერთები საბჭოთა კავშირის
შინაგანმა ჯარმა შეუშვა. თუ რატომ, ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ
ვერსიები შეიძლება გამოითქვასო. საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა
ოფიციალურად, რომლის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი იყო.
რა მოხდა 1991 წლის 6 იანვარს ცხინვალში?

ცხინვალში გამომავალი გაზეთი ,,რესპუბლიკა“ წერს,
რომ 27 წლის წინ, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს
წარმომადგენლებმა ქალაქში უპრობლემოდ შეუშვეს ქართული მილიციის
ნაწილები, რამაც ვითარება გაამწვავა.
საქართველოს უზენაესი საბჭომ, ცხინვალსა და ჯავაში, მილიციის
კონტიგენტის გაძლიერებით, საგანგებო ვითარება (კომენდატის საათი)
გამოაცხადა. ქართული მილიციის
(3 000-კაციანი შემადგენლობა - ,,საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით)
გამოჩენას ცხინვალში შეტაკებები და მსხვერპლი მოჰყვა. მილიციამ
დააკავა ადგილობრივი ნაციონალისტური ორგანიზაციის ლიდერი ყულუმბეგოვი.
ცხინვალში ბარიკადები გაჩნდა და ითხოვდნენ ყულუმბეგოვის
გათავისუფლებას.

მომდევნო დღეს, 1991
წლის 7 იანვარს, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ გობაჩოვმა
გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, გაუქმებულად
გამოცხადდა საგანგებო
მდგომარეობა. გორბაჩოვმა, ამ ბრძანებით, უკანონოდ
მიიჩნია საქართველოს
უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
გაუქმების შესახებ.
ცხინვალში ქართული მილიციის გამოჩენამდე, 1990 წლის 28 დეკემბერს,
საქართველოს უზენაესმა საბჭომ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
გაუქმების შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო.
მანამდე, ნოემბერში, ავტონომიური ოლქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა
სამხრეთ ოსეთი საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად აღიარეს, ოღონდ
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.
გორბაჩოვის 7 იანვრის ბრძანებამ საქართველოს
სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, გორში, საპროტესტო აქციები
გამოიწვია.
პარალელურად, მიმდინარეობდა აქციები ცხინვალში. ყულუმბეგოვის
მომხრეები ცხინვალიდან და ჯავიდან ქართული შინაგანი ჯარის გასვლას
ითხოვდნენ. თბილისსა და გორში კი, გორბაჩოვის ბრძანების
გაუქმებას.

შეტაკებებმა
მილიციასთან მასიური ხასიათი მიიღო. იმ დროინდელი ქართული პრესის
ცნობით, სისტემატიურ შეტაკებებს ჰქონდა ადგილი დიდი ლიახვის ხეობის
ქართული სოფლების მოსახლეობასთან. ცხინვალი ეთნიკურმა ქართველებმა
დატოვეს. ხოლო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარეთ
მცხოვრებმა ოსებმა ჩრდილოეთ ოსეთში წასვლა დაიწყეს.
სტატიის გამოყენების პირობები