ახალი ამბები
,,იოლი ფული" - მოხსენებითი ბარათებით

 

გორისა და კასპის საკრებულოების სხდომებზე იმსჯელეს იმის შესახებ, რო ის 500 ლარი, რომლის ხარჯვას საკრებულოს დეპუტატი ვერ დაადასტურებს, ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს. ხოლო ვინც არ დააბრუნებს, პრობლემები შეექმნება. ეს ,,საფრთხე" ყველაზე უკეთ კასპის საკრებულოს სხდომაზე დაინახეს.

 

ვიდრე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს შევეხებით, გორის თემის საკრებულოს დეპუტატების მოსაზრებებს გაგაცნობთ. საპროცედურო კომისიის სხდომაზე ფრაქციების წარმომადგენლებმა, ხარჯების თანხის გაცემა, მხოლოდ, მოხსენებითი ბარათის საშუალებით მოითხოვეს. ამის გამო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის მიერ წარდგენილი პროექტი ჩააგდეს.

 

პროექტის მიხედვით, საკრებულოს არაანაზღაურებადი დეპუტატი, 500 ლარის მისაღებად, ვალდებული იყო მოხსენებით ბარათი და შეხვედრის დამადასტურებელი ოქმი შეედგინა.  საპროცედურო კომისიის სხდომაზე ოპოზიციაც და პოზიციაც ამბობდა, რომ ,,შეხვედრის დამადასტურებელი ოქმი" ზედმეტია. ამ ოქმზე მინიმუმ სამ ამომრჩეველს, დეპუტატის თხოვნით, ხელი უნდა მოეწერა.

 

,,ჩვენთვის დამამცირებელია, რომ ამომრჩევლებს ოქმზე ხელის მოწერა ვთხოვოთ" - განაცხადეს საკრებულოს წევრებმა: თამარ კოდოშვილმა, თამაზ ბეგიაშვილმა (,,ქართული პარტია"); თევდორე ხოსრუაშვილმა (,,ნაციონალურმა მოძრაობამ") და სხვებმა. 

 

 ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე კობა ბერიანიძე და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე სოსო ვანიშვილი პროექტს უშედეგოდ იცავდნენ.  სოსო ვანიშვილის თქმით, შეუძლებელია ხარჯის დადასტურება, მხოლოდ, მოხსენებითი ბარათით:

 

,,ვერავინ გაიგებს, თუ სად შეავსო დეპუტატმა მოხსენებითი ბარათი, სახლში თუ ამომრჩეველთან" - განაცხადა სოსო ვანიშვილმა. 

 

სხვათა შორის, 500 ლარიანი ხარჯის ანაზღაურება მოხსენებითი ბარათით,  ,,ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ხდებოდა.

 

იხ. გორის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს დეპუტატების მოსაზრებები

 

 

 

რაც შეეხება კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, აქ მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონის დონეზე, ამ საკითხზე, ერთნაირი რეგულაციების შემუშავება იგეგმება. გოჩიტაშვილის განცხადებით,  ხაშურის მუნიციპალიტეტი გაცემული 500 ლარიდან 100 ლარს უკვე ქვითავს:

 

,,როდესაც ხარჯი მტკიცდება, საგადასახადო კანონმდებლობით, ის არ იბეგრება, მაგრამ დაუდასტურებელი ხარჯის შემთხვევაში 100 ლარი უკან ბრუნდება" - განაცხადა გოჩა გოჩიტაშვილმა.

 

საკრებულოს წევრი ვახტანგ ბეჟიტაშვილი კითხულობს, თუ რა მიზნობრივ დანიშნულებას აძლევს საფინანსო სამსახური დაუდასტურებელი ხარჯის გაცემის შემთხვევაში. 

 

,,თუ ხარჯი გაიცა, მაგრამ არ დადასტურდა, თქვენ რა ფორმას აძლევთ ამ გაცემულ თანხას?" - ჰკითხა ბეჟიტაშვილმა საფინანსო სამსახურის უფროსს.

 

,,როგორც დაუდასტურებელ ხარჯს" - უპასუხა სამსახურს უფროსმა.

 

,,და როცა ქვითავთ თანხას, რა მიზეზით აკეთებთ ამას, როგორც ხელფასს თუ რას?" - კვლავ იკითხა ბეჟიტაშვილმა.

 

,,ამაზე ვმუშაობთ, ბატონო ვახტანგ" - განაცხადა გოჩიტაშვილმა. მისი თქმით, რომ არ შეექმნას თანხის გამცემს ან მიმღებს პრობლემა, უახლოეს ხანებში ეს საკითხი გადაწყდება.

 

,,ეს სერიოზული ამბავია. იმისათვის, რომ პასუხი დეპუტატს არ მოსთხოვონ, ძალიან გთხოვთ, დაარეგულირეთ ეს საკითხი" - აღნიშნა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

 

იხ. კასპის მუნიციპალიტეტის თემის საკრებულოს დეპუტატების მოსაზრებები

 

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები