ახალი ამბები
გორში ეპარქიის შენობის სიახლოვეს მანქანის დაზიანება სცადეს
გვიან ღამით გორის ეპარქიის კულტურისა და სულიერების ცენტრთან მდგარი მანქანის გატეხვა სცადეს. ერთ-ერთი ახალგაზრდა მანქანაზე იყო ასული და გამვლელის დანახვის შემდეგ ჩამოხტა და გაიქცა.

,,მანქანით გავიარე ეკლესიასთან, დავინახე, რომ მანქანაზე ვიღაც პიროვნება იდგა. შევანელე სვლა და ვუყურებდი. თვითონაც დამიწყო ყურება. შემდეგ დაჯდა სახურავზე, ცოტა ხნის შემდეგ, ჩამოხტა და გაიქცა" - ამბობს თვითმხილველი, რომელმაც ფაქტის შესახებ გვაცნობა.

დღეს დილით მანქანა იმავე შენობასთან იდგა, თუმცა მას დაზიანების კვალი არ ეტყობა. მისი მეპატრონის ვინაობის შესახებ კი, არაფერი იციან:

,,ყველა კითხულობს, ვინ არის მაგ მანქანის მეპატრონე. ამ სახლში ვინც ცხოვრობენ, ეგ მანქანა მათ არ ეკუთვნით" - ამბობს საზოგადოებრივი კვების ობიექტის თანამშრომელი.

ფაქტი, სადაც მოხდა, სათვალთვალო კამერების არეალშია. შს სამინისტროს პრეს-სამსახური qartli.ge-სთან კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, გორში, მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში, წმინდაწყლის დასახლებაში 9 მანქანა დააზიანეს, მათ შორის, ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები