ახალი ამბები
გორის პოლიციის მაღალჩინოსნის სახლს გამგებლის დავალებით სახურავი გამოუცვალეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომელს პაატა კოდოშვილს, მერიის დავალებით, სახლის სახურავი გამოუცვალეს. ამის ამსახველი დოკუმენტაცია Qartli.ge-მ მოიპოვა. დოკუმენტების მიხედვით, მოძველებული სახლი კომპანია ,,ალონისმა“ შეაკეთა. პოლიციის მაღალჩინოსნის მამა გვპასუხობს, რომ მის შვილს ეს დახმარება ეკუთვნოდა.

სახლი პოლიციელმა (რომელიც, მისივე თქმით, ამჟამად საგამოძიებო განყოფილებას ხელმძღვანელობს) 2006 წელს შეიძინა. ადრინდელი პატრონი 90-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყებიდან, ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს.

,,სახურავს გამოცვლა დაჭირდა, რადგან სტიქიამ დააზიანა. ქარი იყო და ახადა სახურავი. თუ ჩემმა შვილმა რამე დააშავა, მითხარი და მე თვითონ გავცემ პასუხს“ - გვითხრა პოლიციელის მამამ. მამა მუშაობს დეპუტატ იოსებ მაკრახიძის კომპანია ,,იბოლიაში“ და ბრიგადას ხელმძღვანელობს.


Qartli.ge-მ მოიპოვა პოლიციის მაღალჩინოსნის სახლის სახურავის ამსახველი ფოტოები, რომლის მიხედვით, ჩათვალეს, რომ მის ოჯახს დახმარება ჭირდებოდა.

 






,,ალონისის“ დირექტორი მაკედონ ანანიკოვი აცხადებს, რომ მას გამგეობიდან ათეულობით მოქალაქის სია გადასცეს და დაავალეს, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში სახურავების რეაბილიტაცია ჩაეტარებინა. მოქალაქეთა სახლების შერჩევის პროცესში მას მონაწილეობა არ მიუღია.

,,მე, დაახლოებით, 80-მდე სახლის სახურავი გავარემონტე, დამიჯდა თითქმის 300 000 ლარი. სამუშაოები ერთ თვეში დავასრულე. გამგეობამ ფული არ გადამიხადა.“ - აცხადებს მაკედონ ანანიკოვი. ის სასამართლოში ჩივის და თანხას მერიას სთხოვს.

მერიაში ამბობენ, რომ თანხა მათი გადასახდელი არაა. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობის გამო, ხელშეკრულება ფორსმაჟორულ პირობებში უნდა გაფორმებულიყო.
სასამართლო პროცესი 12 თებერვალსაა ჩანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ მერია გამტყუნდება, პოლიციის მაღალჩინოსნის სახლის რეაბილიტაციის თანხა ბიუჯეტი დაფარავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას თანხა პოლიციელმა უნდა გადაუხადოს.

სასამართლო პროცესი 12 თებერვალსაა ჩანიშნული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები