გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსმა
თემურ მანველიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ qartli.ge-ს
მანველიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, განცხადება დღეს, დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნის
შესახებ, დაწერა.
შეგახსენებთ, 2018 წლის 10 ოქტომბერს სამოქალაქო აქტივიტს გიგა
მაქარაშვილს მანველიშვილმა ვედრო ჩამოამხო. მაქარაშვილი და სხვა
აქტივისტები მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ
მერის გადადგომას იმ მიზეზით, რომ მერმა კოტე თავზარაშვილმა დევნილთა
დასახლებაში მიუღებელი განცხადება გააკეთა.
საპროტესტო აქციის დასრულებისას, მაქარაშვილს მერიის ადმინისტრაციის
უფროსმა თავზე ვედრო ჩამოამხო, რაც დააფიქსირა ტელეკომპანია ,,დიას"
კამერამ. ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.
მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, ინციდენტთან
დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს “პირის
დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ
მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან
მორალურ ტანჯვას აყენებს.”
საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის
მიმართ ფსიქოლოგიური ქსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე
ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას,
ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური
ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.
23 იანვარს qartli.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მანველიშვილმა
სამსახურიდან წასვლის თაობაზე, განცხადება დაწერა.
სტატიის გამოყენების პირობები