ახალი ამბები
11-წლის შვილი მამის ძალადობის წინააღმდეგ პოლიციაში სისტემატიურად რეკავს
კასპის რაიონში, ცოლის და არასულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ბრალდებით, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შემთხვევა კასპის რაიონში მოხდა.

დაკავებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11-151-ე და 126-ე მუხლების თანახმად წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

პროკურორი ოჯახში ძალადობის და ჩხუბის მიზეზად საყოფაცხოვრებო საკითხებს ასახელებს.

„ 1 თებერვალს, საღამოს, დახლოებით 9-ის ნახევრისთვის საცხოვრებელ სახლში საყოფაცხოვრებო საკითხებზე დაწყებული კამათის დრო, ბრალდებულმა 11 წლის შვილს სახისა და ტანის არეში დაარტყა ხელი და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, შემდეგ კი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ტანზე ერთხელ დაარტყა ხის სკამი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 4 თებერვალს იგივე განმეორდა, ოჯახში კამათის დროს ბრალდებულმა კვლავ დაარტყა 11-წლის შვილს თავისა და ტანის არეში და დაემუქრა“. - ამბობს პროკურორი ნათია კიკალია.

სასამართლოზე ბრალდებულის ადვოკატმა ეკატერინე მელქონაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია.

„პოლიციაში არასრულწლოვანმა 11 წლის ბავშვმა დარეკა, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შვილია. მინდა აღვნიშნო, რომ ადგილი ქონდა ცრუ დასმენას, იმიტომ, რომ ოჯახში ადგილი არ ქონია ბავშვის მიმართ ძალადობას. ბავშვი, რომელიც დაზარალებულად მიიჩნია პროკურატურამ, რთული ხასიათით გამოირჩევა, არ დადის სკოლაში, მამა ხშირად სთხოვდა სკოლაში წასვლას. პოლიციაში დარეკვა კი ბავშვის მხრიდან არაერთხელ მომხდარა“ - აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა.

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გერმანე დადეშქელიანმა დაკავებულს წინასწარი 40-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები