მაგალითად, გორის რაიონის სოფელ შინდისში მცხოვრებ გ. მაისურაძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი 144 ლარი აქვს, ხოლო სოფელ ხიდისთავში მცხოვრებ ე. ჭოჭელს - 528 ლარი. ასეთი ბენეფიციარი რაიონის მასშტაბით, ჯერჯერობით, სულ 29-ა.
სააგენტოს მონაცემებით, 2012-2013 წლების განმავლობაში, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ 29 ოჯახში (გორის ტერიტორიაზე) წევრთა რაოდენობა შეიცვალა. კერძოდ, აღნიშნული ოჯახებიდან დიასახლისი ან ოჯახის უფროსი საზღვარგარეთ (ძირითადად თურქეთში სამუშაოდ) წავიდა. ეს ფაქტი კი სოციალური მომსახურების სააგენტოს არ შეატყობინეს.
,,ბენეფიციარებს იმ ვალდებულებებზე აქვთ ხელი მოწერილი, რომლის მიხედვით, ბენეფიციარს, ოჯახის წევრთა ცვლილების შემთხვევაში, სააგენტოსთვის უნდა ეცნობებინა. თვეების განმავლობაში ბენეფიციარი, ოჯახის იმ წევრის ნაცვლად, რომელსაც რეალურად საქართველოს ტერიტორია დატოვებული ჰქონდა, ფულად დახმარებას მაინც იღებდა" - აცხადებს ანა კორინთელი.
სასამართლო პროცესი დღეს, 2015 წლის 18 თებერვალს გაიმართა. ნაწილი აღიარებს დარღვევას, ნაწილი კი დროს არგუმენტების წარსადგენად ითხოვს. მაგალითად, ე. ჭოჭელის შემთხვევაში ირკვევა, რომ მისმა შვილმა საქართველოს ტერიტორია 2010 წლის ნოემბერში დატოვა, თუმცა უკან 2010 წლის დეკემბერში დაბრუნდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში იკითხება, რომ ე.ჭოჭელის შვილს საქართველოს ტერიტორია დღემდე დატოვებული აქვს.
,,სამინისტროს ბაზაში ასეთი მონაცემები, ალბათ, იმიტომ წერია, რომ 2010 წელს საზღვარი ჩუმად გადმოვკვეთე და ისე დავბრუნდი" - განაცხადა ე. ჭოჭელის შვილმა.
ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით იმ ოჯახების რაოდენობა, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს, 7 ათას 636-ს აღწევს. ეს კი 24 338 მოსახლეს უდრის.
სტატიის გამოყენების პირობები