ახალი ამბები
ახალგორიდან მოქალაქეები გადმოდიან - პროცესს ევროკავშირის მისია აკვირდება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ახალგორის რაიონში ჩარჩენილი მოქალაქეები გამშვებ პუნქტზე დღეს დილით გაატარეს. ამის ამსახველ ფოტოებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მისიის პრეს-სამსახურის განცხადებით, გასულ თვეში გადასასვლელი პუნქტების დაკეტვამ ადამიანთა ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

,,ერთ-ერთმა მცხოვრებმა მისიის მონიტორებს უამბო, რომ მოხარულია შეზღუდვების მოხსნის გამო და რომ გადაადგილებას კვლავ თავისუფლად შეძლებდა. " - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.

ოსურ და რუსულენოვანი სააგენტოების ცნობით, ახალგორისა და ჯავის რაიონებში მდებარე საგუშაგოები დროებით გაიხსნა. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეებს გადაადგილება 20 თებერვლიდან შეუძლიათ, ხოლო 22 თებერვალს საღამოს 6 საათზე ისევ ჩაიკეტება.

უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლის, ვალერიან ალიხანთის განმარტებით, არდადეგების პერიოდში ბევრი მოსწავლე ახალგორის რაიონში ჩარჩა. ამის თაობაზე ჯერ კიდევ თვის დასაწყისში ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პერიოდში გამშვები პუნქტი 117-მა მოქალაქემ გადაკვეთა (ახალგორის რაიონში), ხოლო ჯავის რაიონში - 17-მა მოქალაქემ.

ე.წ. საზღვარი 2019 წლის 11 იანვარს ჩაიკეტა. ამის მიზეზად საქართველოში გავრცელებული ღორის გრიპის ვირუსი დაასახელეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები