ახალი ამბები
,,სოფლის გზის გახსნა ჩემთვის უხერხულია" - ინფრასტრუქტურის მინისტრი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოსაზრებით, რეგიონებში განხორციელებულ რიგ პროექტებს „პროპაგანდა აკლია“. ამის შესახებ სტატიას ,,ბიზნეს მედია ჯგუფი" ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, ეს განცხადება მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გოცირიძემ ცქიტიშვილს ჰკითხა, ჩანს თუ არა რაიმე გაკეთებული, გარდა იმისა, რაც წინა ხელისუფლების პერიოდში მოესწრო.

„თბილისიდან გავიდეთ, რადგანაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში ახორციელებს ამ 9 მილიარდის პროექტებს, ყველაფერი ჩანს იმ რეგიონებში, სადაც ვაკეთებთ. ძალიან ბევრ პროექტს, რასაც ვაკეთებთ, არ ვხსნით, რადგან სოფლის გზის გახსნა ჩემთვის უხერხულია, განსაკუთრებით, ორი ბოლოდან. პროპაგანდა ნამდვილად აკლია და როდესაც დანახვის სურვილი აქვს ადამიანს, დაინახავს. მთავარია, ის ადამიანები, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ, რომლებიც ამ გზებით გადაადგილდებიან და ონკანში მოშვებულ წყალს დალევენ იქ, სადაც ათეულობით წლების განმავლობაში წყალი არ იყო, ისინი ამ პროექტებს დაინახავენ და იმედია, როდესღაც თქვენც დაინახავთ“, – მიმართა მინისტრმა ოპოზიციონერ დეპუტატს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ახალი ფორმატის – „მინისტრის საათის“ ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოსმენა მიმდინარეობს.

ფოტოზე: ბოშურის გზა სოფელ ატენთან
Print

სტატიის გამოყენების პირობები