ახალი ამბები
შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღები ჯგუფი ცხინვალში იმყოფებოდა
შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაზე პირველად ამზადებს რეპორტაჟს, ჟურნალისტები სამი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ცხინვალში - იუწყება დე-ფაქტო რესპუბლიკის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „რესი“.

სააგენტოს ინფორმაციით, შვედმა ჟურნალისტებმა ბლიც ინტერვიუ ჩაწერეს ანატოლი ბიბილოვთან, შეხვდნენ ცხინვალია უნივერსიტეტის რექტორსა და სტუდენტებს, დაესწრნენ ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის, „კრაფტის“, კონცერტს და დაათვალიერეს ხორცკომბინატი. შვედურ ტელევიზიას სკოლებსა და ბაღებში გადაღებაც სურდა, თუმცა კარანტინის გამო ეს ვერ მოხერხდა.

„ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ როგორ ვითარდება რესპუბლიკა და როგორ ხედავს ის საკუთარ მომავალს“, - წერს სააგენტო და აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო მედიის ინტერესი რესპუბლიკის მიმართ ომიდან 10 წლის შემდეგ შესამჩნევად გაზრდილია“.

შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი SVT 1925 წელს დაარსდა. დღეს მას რადიო და ორი სატელევიზიო არხი აქვს. მაუწყებლის წლიური ბიუჯეტი 6,7 მილიარდი შვედური კრონია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები