ახალი ამბები
ანატოლი ბიბილოვი - მზად ვართ სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებებისთვის, ოღონდ ერთი პირობით
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ მზადაა საქართველოს ახალ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებებისთვის, თუ თბილისი ძალის არგამოყენების შესახებ მემორანდუმს ხელს მოაწერს.

„ჩვენ ადრეც გვითქვამს, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, როგორც შუამავლის დახმარებით, ისე პირისპირ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ შუამავალი რუსეთი იყოს, თუმცა ჩვენი მთავარი მოთხოვნა მაინც ძალის არგამოყენების შესახებ მემორანდუმია. სამხრეთ ოსეთის ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამგვარი შეთანხმების სახით ქართულ მხარეს აქვს პასუხისმგებლობა მსოფლიო საზოგადოების წინაშე და რომ ისინი არასოდეს გამოიყენებენ სამხედრო ძალას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ვიდრე ეს წინაპირობა არ შესრულდება, ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვექნება, მაშინაც კი თუკი შევხვდებით, - თქვა ბიბილოვმა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.

მან ასევე ისაუბრა ე.წ. საზღვართან არსებულ ვითარებაზე.

„ახლა ზამთარია და მაინც ცოტა სიმშვიდეა, რადგან ამ დროს პლაკატით დიდხანს ვერ დაჯდები საზღვართან, თუმცა წვრილმანი პროვოკაციები მაინც ხდება. ღამით მიდიან სასაზღვრო ბოძთან და მის გადაყირავებას ან აბრის ჩამოგდებას ცდილობენ. შესაძლოა, ასე ქმედება დიდად არ ძაბავს სიტუაციას, მაგრამ გარკვეულ უხერხულობას ნამდვილად უქმნის ჩვენს მესაზღვრეებს“.

წყარო: საინფორმაციო სააგენტო „რეს“



Print

სტატიის გამოყენების პირობები