ახალი ამბები
თანაკლასელის დაჭრის ფაქტზე გორის სასამართლოში მოზარდი მიიყვანეს
მე-11 კლასელ მოზარდს, თანაკლასელის დაჭრის ფაქტზე, ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ გორის სასამართლოს შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა.

ბრალდების მიხედვით, 16-წლის ბიჭმა განზრახ მსუბუქი დაზიანება მისსავე თანატოლს, ცივი იარაღით, მიაყენა. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის საფუძველზე, მოითხოვა.

გორის სასამართლოს მოსამართლე დაეთანხმა ბრალმდებლის შუამდგომლობას. მოზარდი, ხელწერილით და შინიდან გაუსვლელობის პირობით, გაათავისუფლეს.

სასამართლო პროცესი ერთი თვის შემდეგ გაიმართება. არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამო პროცესი დახურულია. თანაკლასელის დაჭრის ფაქტი კასპის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

ამ მუხლის მიხედვით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ისჯება 2-დან 4 წლამდე. თუმცა, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, არასრულწლოვნების მიმართ სასჯელის სახით სხვა მსუბუქ ფორმებს (განრიდება და ა.შ.) იყენებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები