ახალი ამბები
ოჯახის ინფორმაციით 21-წლის მამაკაცის დაკავების საქმეზე სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს გაიმართება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში დაკავებულ მამაკაცის საქმეზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის მამამ კახაბერ ბერუაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ცხინვალში მყოფი ნათესავები ყურადღებას აქცევენ. მამა ასევე იმედოვნებს, რომ სასამართლო პროცესის შემდეგ, შვილს ქართულ მხარეს დროულად გადმოსცემენ.

21-წლის გივი ბერუაშვილი დიცთან რუსმა სამხედროებმა საღამოს საათებში დააკავეს. ბერუაშვილები თეთრიწყაროს რაიონში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ და გუშინ დიცში სტუმრად იმყოფებოდნენ.

,,საღამოს პაპასთან ერთად უქეიფიათ. ეს ბიჭი სტუმრად იყო ჩვენ სოფელში. ერედვის ნოსტალგია მოეძალა და ბაღებისკენ წასულა." - განუცხადა qartli.ge-ს მერის წარმომადგენელმა სოფელ დიცში მურმან ბადაშვილმა.

ბერუაშვილები ერედვიდან არიან დევნილები და 2008 წლის ომამდე ერედვის განაპირა სოფელში, ბერულაში ცხოვრობდნენ. მიწის ნაკვეთი კი, რომელიც კახა ბერუაშვილის სახელზეა რეგისტრირებული, გამყოფ ხაზთან მდებარეობს.

,,იმ ადგილზე, სადაც ჩვენი ბაღია, მავთულხლართები გავლებული არაა. ჩემი შვილი ნასვამი იყო და ვერ განსაზღვრა ზუსტად, თუ სად გადის გამყოფი ხაზი" - განუცხადა მამამ ჟურნალისტებს. მამა ხედავდა, თუ როგორ მიდიოდა მისი შვილი ერედვისკენ (ბერულას მხარეს), თუმცა ვერ მოასწრო შვილის უკან მობრუნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები