ახალი ამბები
წინარეხში ეკლესიის სიახლოვეს რეზერვუარის მშენებლობა დროებით შეაჩერეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხთან წყლის რეზერვუარის მშენებლობა დროებით შეაჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ობიექტივის" ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, რეზერვუარს სამშენებლო კომპანია უნებართვოდ მაღალაანთ ეკლესიის სიახლოვეს აშენებს.

ნინო მიქიაშვილის ცნობით, გიორგი წამალაძესთან ერთად, სოფელში 15 მარტს იმყოფებოდნენ.

,,პირველი, რაც იქ ჩასვლისთანავე გავაკეთე, იყო ის, რომ დავრეკე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, სადაც ზემოხსენებული მიწის სამუშაოების შესახებ არაფერი იცოდნენ. სააგენტოდან ინსპექცია მალევე წამოვიდა. სანამ სააგენტოდან ჩამოვიდოდნენ, კასპის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ მანუჩარ მერებაშვილს ტელეფონით ვესაუბრე. მისგან შევიტყვე, რომ სამუშაოები მიმდინარეობდა მერიის დაკვეთით - იქვე არსებულ სოფელს წყლის პრობლემა ჰქონდა და ამ პრობლემის მოსაგვარებლად პროექტის ავტორმა ყველაზე ოპტიმალურ ადგილად თურმე ეკლესიის სიახლოვეს, გზის პირას არსებული მინდორი შეარჩია (არადა, გარშემო უზარმაზარი ველ-მინდვრებია). ბატონ მანუჩარს ვუთხარი, რომ სააგენტოს ინსპექცია თბილისიდან ქვათახევისკენ მოემართებოდა და ეგებ მერიის წარმომადგენელიც გამოეგზავნა. ასეც მოხდა - კასპის მერიის წარმომადგენელი ეკლესიასთან ახლოს მალე მოვიდა." - აღნიშნავს ნინო მიქიაშვილი.

მაღალაანთ ეკლესიასთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურისტი ლევან ჭავჭავაძე და არქეოლოგი ზურაბ გიორგაძე ჩავიდნენ.

,,ბატონმა ზურაბმა ეკლესიიდან სამუშაოების ადგილამდე მანძილი ზუსტად გაზომა და თქვა, რომ ეს არის 90 მეტრი. იქ სადაც მიწის სამუშაოებია დაწყებული, არქეოლოგმა იპოვა თიხის ნამტვრევები და ნახშირის კვალი. ძეგლთან სამუშაოები 500 მ დაშორებით აკრძალულია" - აღნიშნავს ნინო მიქიაშვილი.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლების მითითებით, მერიამ წინარეხის სასმელი წყლის რეზერვუარის მშენებლობა დროებით შეაჩერა. ვითარებაში გასარკვევად სააგენტომ 10-დღიანი ვადა ითხოვა.

რაც შეეხება ეკლესიას, მაღალაანთეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭეს. ,,მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნის ეკლესია მოქმედი არ არის და შიგნით ისეთი ვითარებაა, გული მოგიკვდებათ - იქაურობა ძველ საწყობს უფრო ჰგავს, ვიდრე სალოცავს და ღვთის სადიდებელ ადგილს. ფრესკები აქა იქაა შერჩენილი. ეკლესიას გარედან ულამაზესი, სხვადასხვანაირი ჩუქურთმები აქვს. იქვეა ეკლესიასთან შედარებით გვიან აშენებული სამრეკლო, კარიბჭე, გალავანი." - აღნიშნავს მიქიაშვილი. 

იხ. ამავე თემაზე

წინარეხში ორ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

წინარეხში წყლის დაბინძურების წყარო გარემონტებული დრენაჟი აღმოჩნდა


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები