ახალი ამბები
,,ტოიოტების ყიდვა-გაცვლა"-ში დაკარგული 155 000 ლარი

 

აღნიშნულ პერიოდში გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა ტოლიაშვილი იყო, რომელიც დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

 

ყიდვა-გადაცვლის სქემა ასეთია:

 

2011 წლის 23 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტმა ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ LC 150" შეიძინა 108 000 ლარად.

 

7 თვის შემდეგ, 2012 წლის 14 მაისს, გორის მუნიციპალიტეტმა ეს მანქანა გადაცვალა 119 000 ლარიან ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ LC 200"-ზე და შპს ,,Car rent and Trade in Company"-ს დამატებით 46 300 ლარი გადაურიცხა. ჯამში 8 თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტიდან ძვირადღირებულ ჯიპებში 154 300 ლარი წავიდა (108 000 + 46 300).

 

აუდიტი თვლის, რომ მანქანების გადაცვლისას 2011 წელს ნაყიდი 108 000 ლარიანი ჯიპი, 7 თვის შემდეგ, 73 000 ლარამდე უსაფუძვლოდ ჩამოაფასეს. რეალურად, 2012 წლის 14 მაისის მდგომარეობით, 108 000 ლარიანი ჯიპი 94 ათას ლარად უნდა შეფასებულიყო. ყოველ შემთხვევაში, ბუღალტრულ ჩანაწერებში მისი ცვეთის ღირებულება ასეა დაფიქსირებული.

 

,,ანუ ქონება გაიცვალა საბალანსო ღირებულებაზე 21 000 ლარით ნაკლები ღირებულებით" - აღნიშნავს აუდიტი.

 

,,შესყიდვა მოსახლეობის ინტერესების გაუთვალისწინებლად განხორციელებულია ყოველგვარი არგუმენტირების გარეშე, საგარანტიო პერიოდის ამოწურვამდე, მაღალი კლასის, ფაქტობრივად ახალი, 7 თვის წინ შეძენილი სატრანსპორტო საშუალება ჩანაცვლებულია უფრო ძვირადღირებული მანქანით" - ასკვნის აუდიტი.

 

აღნიშნული აუდიტის დასკვნის საფუძველზე შიდა ქართლის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და დოკუმენტები თავისთან გაიხმო. ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერები ფიქრობენ, რომ თუ მათ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაიდინეს, ამჟამინდელ მთავრობას შეუძლია მანქანები გაყიდოს და მიღებული თანხით სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელოს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები