ახალი ამბები
სკოლა ,,ეისის“ მოსწავლეებმა ეკო-კლუბი ჩამოაყალიბეს
გორში, სკოლა ,,ეისის“ უფროსი კლასის მოსწავლეებმა ეკო-კლუბი ჩამოაყალიბეს.

მოსწავლეების თქმით, კლუბის შექმნის მიზანი გარემოზე ზრუნვა და ამ მიმართულებით მოქალაქეებში ცნობიერების ამაღლებაა.

კლუბის წევრებმა პირველი აქტივობა მსოფლიო წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს დაგეგმეს და კომბინატში არსებული ჩოგბურთის კორტების მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

მანამდე მოსწავლეებს გარემოს დაცვის საკითხებზე ორგანიზაცია ,,სენის“ წარმომადგენელმა ტრენინგი ჩაუტარა.

უფროსკლასელები USAID/CENN WMTR II პროგრამის ფარგლებში გაეცვნენ ნარჩენების მდგრადი მართვის მეთოდებს, მათი შემცირებისა და გადამუშავების შესაძლებლობებს, როგორც საქართველოში ასევე სხვა ქვეყნებში.

,,დღეს მსოფლიო მიმართულია ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და მის გადამუშავებისაკენ. მთავარი პრიორიტეტი ნარჩენების დახარისხებულად შეგროვებას ენიჭება, მათი შემდგომ გადამუშავების მიზნით. ნარჩენების გადამუშავება ამცირებს ბუნებრივი რესურსების მოხმარებას, შედეგად ნაკლები რაოდენობის ნარჩენი ხვდება ნაგავსაყრელებზე, რაც იწვევს რესურსების დაზოგვას და ამცირებს დაბინძურების რისკს,“- აღნიშნა ორგანიზაცია ,,სენის“ წარმომადგენელმა ირმა კიტრიაშვილმა.

კლუბის წევრები აპრილში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით კიდევ გეგმავენ სხვადასხვა აქტივობებს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები