ახალი ამბები
კოტე თავზარაშვილი ამომრჩეველს მერიის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშს გააცნობს
29 მარტს, პარასკევს, 12:00 საათზე, “აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” (EECMD) გორის დემოკრატიის სკოლაში, გორის მუნიციპალიტეტის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენის ღონისძიება გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ გორის დემოკრატიის სკოლის კოორდინატორი, ზაზა ჭიპაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, ერთი წლის განმავლობაში ქალაქში შესრულებული პროექტების და მერიის მუშაობის შედეგებს გააცნობს.

ასევე ისაუბრებს 2019 წლის გეგმებზეც, თუ რა პროექტების და ინიციატივების განხორციელება მიმდინარეობს ან იგეგმება ინფრასტრუქტურული, სოციალური თუ სხვა პროგრამების მიმართულებით.

აღნიშნული ფორმატის შეხვედრების მიზანია ამომრჩევლისთვის ანგარიშის ჩაბარების ტრადიციის დამკვიდრება ჩვენი დემოკრატიული კულტურის და ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები