ახალი ამბები
9 აპრილი და 1989 წელი გორში
ორში, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შესახებ, უნიკალური ფოტომასალა არსებობს. 

ფოტომასალების მიხედვით, სტალინის მშობლიურ ქალაქში ანტისაბჭოთა გამოსვლები მიმდინარეობდა. სხვადასხვა დროს, თეატრის ეზოში, აქციები იმართებოდა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები შიმშილობას აცხადებდნენ.

გორში მოშიმშილეები ეროვნული მოძრაობის წევრების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც 9 აპრილის მოვლენების გამო დააკავეს.



თუ რა ხდებოდა ქალაქში 1989 წელს, უნიკალურ მასალას გაზეთი ,,გორის ციხე" იძლევა, რომელიც 1989 წელს ორი ნომერი გამოვიდა.

ეს გაზეთი ,,წმინდა ილია მართლის საზოგადოების" წევრებმა დააფუძნეს. დამფუძნებლები არიან ს. ლელუაშვილი, შ. ცომაია; ე. გიუნაშვილი; გ. ჩეჩელაშვილი; კ. ხეთაგური.

გაზეთის ცნობით, ,,არაფორმალური ჯგუფის" წევრები გორიდან იმ ხორცის გატანას ითხოვდნენ, რომელიც 1985 წელს, ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქების დროს, გორის ხორცკომბინატში ძეხვის სახით შემოიტანეს. რაიკომის მდივანი ნამიჩეიშვილი მათ არწმუნებდა, რომ ხორცი დალუქული იყო, არც გახსნილა და გატანილ იქნა ქალაქიდან.

,,თურმე, ნამიჩეიშვილს რკინის ქალამნები ჩაუცვამს და თვით პატიაშვილამდე მისულა, რომ ეს ხორცი ქალაქიდან გაეტანათ" - წერს გაზეთი.



გორელები, ვინც ეროვნული მოძრაობის წევრები იყვნენ, სამსახურიდან იმ ხალხის გათავისუფლებასაც ითხოვდნენ, ვინც გორვაჭრობის სათავეში იყვნენ, გაზეთის ცნობით, მათ საქალაქო და რაიკომის შენობაში მომუშავენი მფარველობდნენ.

გაზეთში მათი გვარები ჩამოთვლილია. ,,არაფორმალური ჯგუფის" წევრები აცხადებდნენ, რომ გორვაჭრობის წარმომადგენლები მოსახლეობას აშიმშილებდნენ, თვითონ კი, უზრუნველად ცხოვრობდნენ.



გაზეთის ფურცლებზე აღნიშნულია, რომ საქალაქო კომიტეტის წევრები და მაღალი თანამდებობის პირები ეროვნული მოძრაობის წევრებს  ,,არაფორმალურ ჯგუფებს" უწოდებდნენ.

მაგალითად, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ რაიკომის მდივანი ზურაბ ნამიჩეიშვილი მათთან დიალოგისთვის მზად იყო, თუმცა აღუნიშნავს, რომ ისინი ,,არაფორმალური ჯგუფები" არიან და მათთან პრინციპულობა უნდა გამოვიჩინოთო.

საკმაოდ, ვრცელ მასალას უთმობს გაზეთი ,,გორის ციხე"საბჭოთა ჯარში წვევამდელების საკითხს.

გაზეთის ცნობით,
გორში ახალგაზრდები პროტესტს აცხადებდნენ და საბჭოთა ჯარში გაწვევისგან თავს იკავებდნენ. გაზეთის ცნობით, მათთვის დაუშვებელი იყო საბჭოთა ჯარში სამსახური, მით უფრო, მაშინ, როდესაც 9 აპრილს მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს.

სოფელ ფხვენისში მეურნეობის დირექტორს სამსართულიანი სახლი აუშენებია აუზითო, - წერს გაზეთი, - თვითონ კი, მეურნეობის დირექტორი თბილისში გადასულა საცხოვრებლად. ეროვნული მოძრაობის წევრები წერენ, რომ მოსახლეობის ხარჯზე კომპარტიის წარმომადგენლები კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ.



1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საბჭოთა არმიამ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა.

გორში, ერთ-ერთი მორიგი მასშტაბური აღლუმი 1989 წლის 7 ნოემბერს გამართულა. იმ დროს, როდესაც საქართველოს სხვა ქალაქებმა ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის აღმნიშვნელ აღლუმზე უარი თქვეს, მხოლოდ, გორში ჩაუტარებიათ კომპარტიის წევრებს. ამის პარალელურად კი, თეატრის ეზოში ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ.

,,გავემართეთ მთავარი მოედნისკენ, სადაც სიცივისგან აკანკალებული გოგო ბიჭები ჰაეროვან კოცნას უგზავნიდნენ ტრიბუნაზე მყოფ კპ-ს წევრებს. რაიკომის მდივანმა მიკროფონი გამოგვირთო და გვითხრა, ასე უფრო კარგად ვისაუბრებთო" - აღწერს სტატიის ავტორი.

და ბოლოს, წმინდა ილია მართლის საზოგადოების გორელი წევრები რაიოკომის კონსტრუქტორს მიმართავენ წერილით და სთხოვენ, რომ მომავალ არჩევნებში მრავალპარტიულობა უზრუნველყონ, რათა კპ-ს (კომუნისტური პარტიის) ერთმმართველობა დასრულებულიყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები